აჭარაში პოლიციელი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

პოლიციელი არჩილ დევრიშაძე დაკავებულია. ქობულეთის პოლიციის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობისთვის აჭარის პროკურატურამ აიყვანა.

განცხადებით, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა, ირკვევა, რომ პოლიციელი, რომელმაც მოქალაქის მისამართით გაისროლა, არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, თუმცა ამის მიუხედავად ატარებდა საშტატო იარაღს და მაისურს.

პოლიციელს ხულიგნობის მუხლით ბრალი უკვე წარუდგინეს. აღკვეთ ღონისძიებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დაზარალებული წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. რომან ქათამაძის თქმით, არჩილ დევრიშაძე არა ერთხელ დამუქრებია და არსებობს თავდასხმის გამეორების საფრთხე.

პარასკევს მომხდარი თავდასხმის თვითმხილველები ყვებიან, რომ სამართალდამცველი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ქათამაძეს დამიზნებით განზრახ ესროლა. საპირისპიროს ამტკიცებს პოლიციელის ადვოკატი. მისი თქმით, გასროლა შემთხვევით მოხდა და საუბარია ხულიგნობის ყველაზე მსუბუქ შემადგენლობაზე.

დევრიშაძის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, წარდგენილი ბრალი ადმინისტრაციულ სახდელს ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button