მნიშვნელოვანისიახლეები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ პოლიციის სანქცირებული მაღალჩინოსანი სულხან თამაზაშვილი ინიშნება

კობახიძემ და ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად სულხან თამაზაშვილი წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც ამ პოსტს 7 წლის განმავლობაში იკავებდა, თანამდებობა დღეს დატოვა.

რაც შეეხება სულხან თამაზაშვილს, ის ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა. თამაზაშვილი ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმების გამო, დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
აღნიშნულ სიაში ასევე შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებზე.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარვუდგინე. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე მივიღე. სულხან თამაზაშვილი გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. მას შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, ის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, სადაც ღირსეულად და წარმატებით უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ ამიტომ ბატონ სულხანს მიღებული აქვს არაერთი დამსახურებული ჯილდო. კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ახლო წარსულში, შსს-ს სხვა ხელძღვანელ პირებთან ერთად, ღირსების ორდენით დავაჯილდოე. აღსანიშნავია, რომ სულხან თამაზაშვილი აჭარის რეგიონშია დაბადებული და გაზრდილი, შესაბამისად, კარგად იცნობს აჭარის მხარეს. დარწმუნებული ვარ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წლების განმავლობაში ძალოვან სისტემაში მუშაობის დროს იყო. ბატონ სულხანს წარმატებას ვუსურვებ, მას და მის გუნდს ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, სრული თანადგომა და მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, როგორ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სულხან თამაზაშვილს აქვს ყველა თვისება, უნარ-ჩვევები, რათა სათანადოდ წარმართოს საქმიანობა.

პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო თორნიკე რიჟვაძეს. შვიდი წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს. ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი მხარე. რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დღეს წარმოგიდგენთ ღირსეულ კანდიდატს, სულხან თამაზაშვილს, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში აქვს განხორციელებული საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული, გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს ყველა თვისება, გამოცდილება, სათანადო უნარ-ჩვევები, რათა სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. ჩვენ წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა და, დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებს საუკეთესოდ გაართმევს თავს სწორედ სულხან თამაზაშვილი. მინდა, წარმატებები ვუსურვო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულმა კანდიდატმა, სულხან თამაზაშვილმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, ექნება შესაძლებლობა, საჯარო სამსახურში მრავალწლიანი გამოცდილება ხალხს მოახმაროს.

„მადლობას მოგახსენებთ, ბატონო პრემიერო, ბატონო პრეზიდენტო, მადლობა ნდობისთვის. ეს არის პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ამძაფრებს ის გარემოება, რომ სწორედ ამ კუთხის შვილი ვარ. დავიბადე, გავიზარდე აჭარაში. ჩემს მეხსიერებაში თუ რამე კარგი მახსენდება, სწორედ ამ წლებს უკავშირდება. მექნება შესაძლებლობა, საჯარო სამსახურის მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხსა და ჩემს რესპუბლიკას“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ცნობისთვის რიჟვაძე, – რომელმაც გადადგომის შესახებ 4 აპრილის დილას ფეისბუკით ამცნო საზოგადოებას, – საღამოს გამართულ ბრიფინგს, სადაც მას მადლობა გადაუხადეს და თამაზაშვილი წარადგინეს, საერთოდ არ დასწრებია. თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა სანქციები შსს-ის სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის მინისტრთან და სპეცრაზმის ხელმძღვანელებთან ერთად.

თამაზაშვილი არ არის პირველი მაღალჩინოსანი, რომელსაც სანქცირების შემდეგ აწინაურებენ.
მასთან ერთად სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სანქცირებიდან მეორე დღესვე, 20 დეკემბერს, ვიცე-პრემიერად დანიშნეს, მოგვიანებით კი დააჯილდოვეს.
ამასთან, 31 იანვარს მიხეილ ყაველაშვილმა, გომელაურთან და სხვა სანქცირებულ პირებთან ერთად, სულხან თამაზაშვილიც დააჯილდოვა ღირსების ორდენით.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციები დაუწესეს, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
თორნიკე რიჟვაძის გადადგომა
თორნიკე რიჟვაძემ 4 აპრილს მოულოდნელად დაწერა ფეისბუკზე, რომ თანამდებობას ტოვებს.საკ
გამოქვეყნებულ ტექსტში ის ამბობს, რომ სიახლის დროა, თუმცა რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცად.

რიჟვაძე „გამოცხადებული ნდობისთვის“ მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძესა და მიხეილ ყაველაშვილს, თანამშრომლებს, პარტიის წევრებს, გუნდსა და ბოლოს – აჭარის მოსახლეობას.

თორნიკე რიჟვაძე 2018 წლის 21 ივლისს დაინიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და მას შემდეგ ამ პოსტს იკავებდა. მისი წინამორბედი იყო ზურაბ პატარიძე, რომელიც ამ პოსტიდან აზერბაიჯანში ელჩად დაინიშნა.

ჯერ უცნობია, სად გააგრძეელბს რიჟვაძე მუშაობას.

თავად რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობამდე იყო:

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
ასევე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი;
2014-16 წლებში აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში;
2010-2011 წლებში მუშაობდა გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში, დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორის პოსტზე.
საკადრო ცვლილებები აჭარაში
„ქართული ოცნების“ გუნდში, სახელმწიფო თანამდებობებზე ცვლილებებია.

რიჟვაძის გადადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გრიგოლ ბესელიამ.

ის შეცვალა გიორგი ბუხრაშვილმა, რომელიც აქამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

ის უწყებაში ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროიდან მუშაობს.

ტელეკომპანია „პირველი“ 2021 წელს წერდა, რომ სწორედ გიორგი ბუხრაშვილი, – იმხანად ნაძალადევის პოლიციის უფროსი, – მონაწილეობდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში.

შსს-ს პრესცენტრში თქვეს, რომ ცვლილების საფუძველი როტაციაა.

ცვლილებები მთავრობაში
ცვლილებებია „ქართული ოცნების“ მთავრობაშიც.

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პოსტი დატოვა.

სუს-ის უფროსის პოსტს ახლა ანრი ოხანაშვილი დაიკავებს, იუსტიციის მინისტრი.

იუსტიციის მინისტრის პოსტზე კი ოხანაშვილს პაატა სალია ცვლის, – „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კომპანიის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ და აქამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატი.

3 აპრილსვე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სუს-ის აწ უკვე ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად ინიშნებოდა. ლილუაშვილმა თქვა, რომ ამ პოზიციას ნოემბრამდე დაიკავებდა.

თუმცა მეორე დღეს, 4 აპრილს, კობახიძემ განაცხადა, რომ ლილუაშვილი „აღარ დაიკავებს“ ამ პოსტს, რის მიზეზადაც „საკადრო პოლიტიკაში განსხვავებული მიდგომები“ დაასახელა.

კობახიძის თქმით, ლილუაშვილთან, ძირითადად, მოადგილეების დანიშვნაზე ვერ შეთანხმდნენ.

რეგიონული განვითარების მინისტრად ინიშნება კახა გულედანი:

კახა კალაძის ყოფილი მოადგილე,
მუნიციპალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი,
სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი და
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

მსგავსი პოსტები

Back to top button