მნიშვნელოვანისიახლეები

აჭარის ტელევიზია მუშაობას 7 სექტემბერს განაახლებს

ორდღიანი პაუზის შემდეგ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობას ხვალიდან, 7 სექტემბრიდან ჩვეულ ფორმატში განაახლებს.

გიორგი კოხრეიძე

აჭარის ტელევიზია ხვალ აღადგენს მაუწყებლობას. თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ.

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა 5 სექტემბერს შეაჩერა. წინა დღეს, მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დილიდანვე ეპიდემიოლოგებმა მაუწყებელში მუშაობა დაიწყეს და თანამშრომლებისგან ნიმუშები აიღეს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ასეთ სიტუაციაში ტელევიზიას მუშაობა უნდა შეეჩერებინა, რაც მოხდა კიდეც.

თამარ გაბუნია

როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება და როდესაც ტელევიზიაზე ვსაუბრობთ, იქ კი კონტაქტების ალბათობა და აქტივობა ძალიან მაღალია, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკეთესია და რეკომენდირებულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული ხელმძღვანელობის მიერ. მე ვფიქრობ, უსაფრთხოდ მოხდება ამ შემთხვევის დასრულებაც. ისე, რომ არ მოჰყვეს მას შემდგომი ეპიდემიოლოგიური გართულებები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ტელევიზიის და რადიოს 149 თანამშრომლის კორონავირუსზე აღებული ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია.

სანამ აჭარის მაუწყებელი უსაფრთხოების თვალსაზრისით არ მუშაობს, მაუწყებლის ეთერში დროებით საქართველოს პირველი არხის პროგრამა გადაიცემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button