ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

“აჭარის ტელევიზია” სახიფათო ვექტორზე

“აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობამ, სამმა წევრმა: სოსო სტურუამ, “აჭარის ტელევიზიის” ყოფილმა დირექტორმა, გიგა ჩხარტიშვილმა,ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა წევრმა (თავმჯდომარემ) და თამილა დოლიძემ, ჟურნალისტმა, რადიოს მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, მხარი დაუჭირეს დირექტორის გიორგი კოხრეიძის ინიციატივას – ტელევიზიაში საშტატო ერთეულების შემცირების საკითხს, რომლის მიხედვითაც რამდენიმე განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილის შტატი უქმდება. მათ შორისაა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მაია მერკვილაძის შტატი.

გადაწყვეტილების წინააღმდეგ საბჭოს ორი წევრი გია ქარცივაძე, “ნაციონალური მოძრაობის” კვოტიდან არჩეული წევრი და თამარ წილოსანი წავიდნენ, რომელიც წარსულში აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი და მაუწყებლის ყოფილი დირექტორის მოადგილის, დეპუტატის ცოტნე ანანიძის თანაშემწე იყო.

მაია მერკვილაძეთან ერთად ცვლილება შეეხო, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.

კენჭისყრის პროცესს მაუწყებლის დირექტორი არ დასწრებია.მრჩეველთა საბჭოს წევრებს გიორგი კოხრეიძემ შესვენების გამოცხადებამდე მიმართა და აღნიშა რომ ამხელა ვნებათაღელვა ამ საკითხების მიმართ არ იყო საჭირო, კოხრეიძემ აღნიშნა, რომ მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიისთვის “ფანტასტიკური კადრია”. სხდომამდე მან განცხადება ჟურნალისტებთანაც გააკეთა:

”ეს არის პირდაპირი მობინგი, რომელიც ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის წესით ისჯება. საქმე გვაქვს ობსტრუქციასთან, მეტი არაფერი. ყველამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს” – უთხრა ჟურნალისტებს მაუწყებლის დირექტორმა.კოხრეიძე ამბობს, რომ ”მოსალოდნელ საფრთხეებზე” საუბრით დაიღალა.

‘ესენი თვლიან, ესენი სამი თვეა ერთი და იგივეს იმეორებენ, მანახეთ ფაქტი რა. უკაცრავად მოსალოდნელმა საფრთხეებმა უკვე დამღალა. სულ მოსალოდნელ საფრთხეებზეა საუბარი და ჯერ-ჯერობით არცერთი არ გამართლებულა. ასე არ გამართლდება დღევანდელი საფრთხეც. აგერ ნახავთ თქვენ ძალიან მალე. უბრალოდ ადამიანები არიან ანგაჟირებულები.

დღეს კონკრეტულს არაფერს არ ვამბობ, განა იმიტომ, რომ არ ვიცი, ვიცი ძალიან კარგად. თუ ეს იქნება მიღებული ყველა ნახავს, რომ აჟიოტაჟი ტყუილად არის გამოწვეული, ყველა იქნება კმაყოფილი ამის გარანტიას გაძლევთ. ჩემო ძვირფასებო სამი თვეა ერთი და იგივეს ხომ ლაპარაკობთ, ხომ არ მომხდარა არაფერი? ასევე არ მოხდება. მე დღემდე ვინმემ მომცა საშუალება, რომ საქმე ნორმალურად გამეკეთებინა?” – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა.

ცვლილებას სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები, ალტერნატიულ პროფკავშირებთან ერთად საფრთხედ აფასებენ, ამბობენ, რომ ამის მიზანი სარედაქციო ვექტორის შეცვლაა. ისინი დღეს დილით სხდომაზე მივიდნენ და სიტყვით გამოსვლა ითხოვეს, რისი საშუალებაც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ არ მისცა.

მაია მერკვილაძე ბათუმში მაუწყებელ რადიო “ციტრუსთან” ამბობს, რომ მას მაუწყებელში სხვა პოზიციას სთავაზობენ, ამიტომ დაელოდება გიორგი კოხრეიძის შეთავაზებას და შემდეგ ისე იმოქმედებს.

მოუსმინეთ ინტერვიუს რომელიც რამაზ სამხარაძემ ჩაწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button