მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მაუწყებელში თანამშრომლების დევნა გრძელდება. დევნის ობიექტები ალტერნატიული პროფკავშირების წევრები ხდებიან. მათი დევნის მიზეზები, ძირითადად, აბსურდულია და, ზოგჯერ – სასაცილოც. მაუწყებლის თანამშრომლებს დევნიან კრიტიკული პოზიციების გამო. მენეჯმენტის მავნებლურ პოლიტიკასთან შეუგუებლობა ხშირ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვის ტოლფასია.

“მაუწყებელში მიმდინარე პროცესმა ასევე ნათლად აჩვენა მრჩეველთა საბჭოს წევრების რეალური სახე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ნაცვლად, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება.

“თუ ასე გაგრძელდა და დაოკების, გაჩუმების, კითხვების დასმის აკრძალვისა თუ სხვა მავნებლური მცდელობების წინააღმდეგ არ ვიმოქმედეთ, მაუწყებელში გაჩერება სამარცხვინო იქნება. სამარცხვინო იქნება გაჩერება იქ, სადაც პროფესიულ ღირსებას ფასი არ აქვს და მხოლოდ მლიქვნელობა, მედროვეობა და კონფორმიზმი ფასდება.

“ჩვენ არ ვართ ასეთები. ღრმად გვწამს, რომ ასეთები უმცირესობაში არიან, როგორც მაუწყებლის შიგნით, ასევე – საზოგადოებაში. მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობდით საზოგადოების მხარდაჭერას და მზაობას – დაეცვათ საკუთარი მაუწყებელი.

“სწორედ ახლაა დრო, შევცვალოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების სამსახურში აყენებს. მაუწყებელი ჩვენი საერთო სივრცეა, შესაბამისად, ჩვენი დასაცავია სახელისუფლებო თუ კომერციული გავლენებისგან. ასეთი მაუწყებელი გვჭირდება ჩვენ, როგორც ჟურნალისტებს და თქვენ – საზოგადოების თითოეულ წევრს.

“გელოდებით მაუწყებლის შენობასთან, პარასკევს, 26 ივნისს, 18:00 საათზე. გავაერთიანოთ მცდელობები მაუწყებლის გადასარჩენად. გეძახით ყველას, თითოეულ მოქალაქეს, გამოდით თქვენი მაუწყებლის დასაცავად.

“დავიცვათ ის, რაც საერთოა.

მსგავსი პოსტები

Back to top button