აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნა
აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით ბათუმში პროტესტი გრძელდება. მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” ულტიმატუმის ვადა დღეს 12 საათზე ამოიწურა. ულტიმატუმის ვადის ამოწურვისთანავე, აქტივისტებმა აჭარის ტელევიზიის ბორდის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიმართეს.
“ამოიწურა უკვე ულტიმატუმის დრო. კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია ბორდისგან. გიგო ჩხარტიშვილმა ვერ მოახერხა სამეურვეო საბჭოს შეკრება, შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ უმაღლეს საბჭოს, რათა გამოუცხადოს უნდობლობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰქონდათ სამი მიზეზი, დაეყენებინათ დირექტორის იპიჩმენტის საკითხი, მაგრამ ეს არ გააკეთეს და უკვე დადგა დრო, უყმაღლესმა საბჭოს აღასრულოს ის მოვალეობა, რაც მას ეკისრება ბორდთან მიმართებაში”. – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი, ალექსანდრე მილორავა.
მოისმინეთ “მე მიყვარს ბათუმის” წევრების, ალექსანდრე მილორავას, ბაჩუკი ჩხეიძის და აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრის, გია ქარცივაძის ხმები.
მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” აქტივისტების პროტესტი აჭარის ტელევიზიასთან უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. მათ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან კარავიც გაშალეს. მოძრაობის წევრების განცხადებით, მას შემდეგ, რაც გოგა კოხრეიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად იქნა არჩეული, ტელევიზიაში სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა. ისინი პროტესტის კიდევ ერთ მიზეზად ტელევიზიის დირექტორის მიერ თანამშრომლების თანამდებობებიდან უკანონო გათავისუფლებებსაც ასახელებენ.