აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერ აქციას ონლაინმედია შეუერთდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერ აქციას ონლაინმედიებიც შეუერთდნენ. დღეს დილიდან, მათ ფეისბუქზე “ქავერ” ფოტო შეცვალეს. აქციის ორგანიზატორია კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.
ფოტოზე ვკითხულობთ: “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს ინდიგომ, ნეტგაზეთმა, On.ge-მ, ტაბულამ, პუბლიკამ, IPN-მა, heretifm.com, რადიო ჰერეთის, რადიო თბილისის და რადიო ციტრუსის ონლაინ-გვერდებმა და სხვებმა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად, მედიასაშუალებები ერთიანდებიან. 3 მაისს, პრესის თავისუფლების დღეს, ტელევიზიების დიდმა ნაწილმა ზუსტად 19 საათზე, იმავე შინაარსის წარწერით, აჭარის ტელევიზიის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიაში დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, არხის თანამშრომლები, რომლებიც სარედაქციო პოლიტიკას ქმნიდნენ, მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. მათი ნაწილი კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა, ნაწილს კი, ხელშეკრულება შეუცვალა და სარედაქციო პოლიტიკის შექმნას ჩამოაცილა.