აცრა 60 წელს ზემოთ ადამიანების

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 8 ნოემბრიდან, როცა 60 წელს ზემოთ ადამიანების აცრის შემთხვევაში 200-ლარიანი დახმარების პროგრამა ამოქმედდა, 332%-ით გაიზარდა მიმართვიანობა.
უწყების ცნობით, საერთო ჯამში, საქართველოში, 8 ნოემბრიდან, პირველი დოზით 60 წელს ზემოთ 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 332,41%-ით მეტია.
მაშინ, როდესაც 29 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში 60 წელს გადაცილებული მხოლოდ 4 461 მოქალაქე აიცრა.
პენსიონერები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან რეგიონებში:
“მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697,39% -იანი ზრდა დაფიქსირდა, 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%- ით მეტი ადამიანი აიცრა”.
აჭარაში კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციაზე მოქალაქეთა მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია. პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც სოფლის ამბულატორიებში, ასევე ქალაქების თითქმის ყველა ჰოსპიტალურ დაწესებულებაში.
მედიკოსები მოქალაქეთა აქტიურობას ამ მიმართულებით ხელისუფლების ბოლო დროინდელ ინიციატივებს უკავშირებენ.
ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეში 300-მდე 60 წელს გადაცილებული პირი იცრება, რაც საგრძნობლად გაზრდილი რაოდენობაა წინა თვეებთან შედარებით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის 5-ი პუნქტია, მოსახლეობას ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ემსახურება.
ამასთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მარტის ბოლომდე საქართველოში ბუსტერდოზის გაკეთება 300 ათასამდე ადამიანს მოუწევს.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 10 დღის განმავლობაში, რაც „ბუსტერის“ გაკეთება დაშვებულია, მესამე დოზით 7500 ადამიანია აცრილი და აქედან, 4000-ზე ცოტა მეტი 60 წელს ასაკის ზემოთაა.
გამყრელიძემ მოზარდების აცრაზე და “ბუსტერ” დოზაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ დაახლოებით, 10-დან 11 ათასამდე მოზარდამდე აცრილია 16-17 წლის ასაკის. ეს სტატისტიკა ჩვენ არ გვაკმაყოფილებს და საჭიროა უფრო მეტი აცრა, რათა შევაჩეროთ ქვეყანაში ეპიდემია და დიდი ადამიანური დანაკარგი.
ჩვენი გათვლებით, წლის ბოლომდე მესამე დოზა დაახლოებით, დასჭირდება 30-40 ათასამდე ადამიანს. 6 თვის შემდეგ “ბუსტერი” ძირითადად მოვა იმ ადამიანების ჯგუფებზე, ვინც აიცრნენ ივლის, აგვისტო-სექტემბერში და მათი აცრის დრო იქნება იანვარი-თებერვალი და მარტი. დაახლოებით, 300 ათასამდე ადამიანს მოუწევს “ბუსტერის” გაკეთება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკის პირების აცრის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაიზარდა და ამაზე გავლენა 200-ლარიანმა ერთჯერადმა დახმარებამაც იქონია.
შეგახსენებთ მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს. ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.