მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“მოვითხოვოთ საპატრიარქოს გაუქმება”

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, კომენდანტის საათის პარალელურად სააღდგომო რიტუალის მრევლის თანდასწრებით ჩატარებასთან დაკავშირებით, სასულიერო პირები კვერს უკრავენ. ხელისუფლება პატრიარქის გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს, ხოლო თეოლოგთა ნაწილი საპატრიარქოს გაუქმებას მოითხოვს.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, გერასიმე შარაშენიძე განმარტავს, რომ პატრიარქი ფიქრობს ერზეც, ბერზეც და აღდგომაზეც. მეუფის თქმით, საღმრთო ლიტურგია პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით ჩატარდება.

“პატრიარქი მოუწოდებს მთელ საქართველოს, რომ შესრულდეს ღვთისმსახურება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ექვემდებარება ერიც და ბერიც. პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ვითვალისწინებთ და ის ფიქრობს ერზეც, ბერზეც და აღდგომა ჩატარდება ისე, როგორც იქნება ამაზე პატრიარქის ლოცვა-კურთხევა. პატრიარქს უნდა ვუსმინოთ არა მხოლოდ სააღდგომოდ, არამედ სულ. ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და დაცული”, – განაცხადა სასულიერო პირმა.

მმართველ გუნდში მოსახლეობას მოუწოდებენ, დღესასწაულებზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციები გაითვალისწინონ, თუმცა საპატრიარქოს პოზიციის შესახებ “ქართული ოცნება” არაფერს ამბობს.

ილია ნაკაშიძე კიევის პეჩერის ლავრას იხსენებს და დასძენს, რომ ეს ქართველი ხალხისთვის მაგალითი უნდა იყოს. მმართველი გუნდის წევრები მოსახლეობას ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

„კიევ-პეჩერის ლავრის მსახურები დაავადდნენ ვირუსით – აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. სააღდგომო დღეებში უნდა დავიცვათ დისტანცირება – ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია”, – განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დავით მათიკაშვილი კი აცხადებს, რომ ყველა კონფესიამ უნდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები და მოსახლეობა დარჩეს სახლში.

„დღეს არაა დაყოვნების დრო, დღეს ბრძოლის დროა – მოვუწოდებ ყველას, ყველა კონფესიას – მნიშვნელოვანი დღესასწაულებია, მაგრამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები ჩვენივე სიცოცხლისთვის”, – ამბობს მათიკაშვილი.

„ყველამ, ვისაც ეს გვადარდებს, უნდა მოვითხოვოთ საპატრიარქოს გაუქმება და პატრიარქის მეთაურობით მთელი სინოდის გადადგომა“, – აღნიშნული განცხადება თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე გააკეთა. როგორც იგი წერს, ეკლესია, რომელიც სატანას ემსახურება, საზოგადოების მხრიდან მძაფრ ჩარევას საჭიროებს.

„ადრეც დავწერე და ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ამბების შემდეგ, ჩვენ, ქრისტიანებმა, არ ვიცი, თეოლოგებმა, არათეოლოგებმა, ყოფილმა და ამჟამინდელმა სემინარისტებმა, ყოფილმა და მოქმედმა მღვდლებმა, ყველამ, ვისაც ეს გვადარდებს, უნდა მოვითხოვოთ საპატრიარქოს გაუქმება და პატრიარქის მეთაურობით მთელი სინოდის გადადგომა. ესაა უმცირესი, რაც შეიძლება მოვითხოვოთ. ეს უნდა იყოს კონსოლიდაციის საფუძველი. ეკლესია, რომელიც ემსახურება სატანას, სიკვდილს, განადგურებას, ეკლესია, რომელიც სიძულვილსა და ბიღმას კვებავს, რომელიც ამპარტავნებისა და ხიბლის უფსკრულში გვაგდებს, საჭიროებს განსაკუთრებულ, მძაფრ ჩარევას. წმინდა მამები თანხმდებიან იმაზე, რომ სარწმუნოებრივ ხიბლში, ამპარტავნების ჯურღმულში ჩავარდნილმა მოწრმუნემ დროებით უნდა შეწყვიტოს ლოცვაც, მარხვაც, ყველა საეკლესიო წესის შესრულებაც და, მაგალითად, ხორცის ჭამა და ღვინის სმა დაიწყოს მძიმე მარხვაში, რათა ამ გზით მაინც გამოფხილზდეს. დღეს, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისგან განმდგარმა, ღმერთისა და ადამიანის სიძულვლით, უკიდეგანო ამპარტავნებით შეპყრობილმა საპატრიარქომ და მთელმა სინოდმა, რომელიც ახლა არა ქრისტეს სისხლისა და ხორცის, არამედ საკუთარი შვილების შეჭმას აპირებს, ამ ფორმით აუცილებლად უნდა შეწყვიტოს არსებობა, რათა გაჩნდეს განკურნების ოდნავი იმედი.“ – წერს ბექა მინდიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button