საქართველოსიახლეები

“აუცილებელია, კანონმდებლებმა არ დაუშვან არაკონსტიტუციური კანონის მიღება“

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს კანონი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივ სტატუსს უცვლის, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომით უფლებებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას არ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად.

„საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებს სტატუსს უცვლის და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად გარდაქმნის; შესაბამისად, კანონპროექტით მათი თანამდებობიდან გათავისუფლების გამარტივებული საფუძველი იქმნება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომით უფლებებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას არ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად.

ადმინისტრაციული ხელშეკრულების ინსტიტუტის ძირითადი არსი მდგომარეობს თანამდებობის პირის პირადი, პოლიტიკური თუ პროფესიული შეხედულებების საფუძველზე მოქალაქის დასაქმებაში. პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურში მიღებისათვის დადგენილი პროცედურისაგან სრულად განსხვავდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. სწორედ ამის გამო, შეზღუდულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრე და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი (29-ე მუხლის პირველი პუნქტი), განსაზღვრავს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს.“ ინიცირებული კანონპროექტით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება პროფესიული საჯარო მოხელეების სტატუსის შეცვლა და მათი მიჩნევა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, ასევე ირღვევა ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც მოხელეთა საერთო ოდენობის მცირე ნაწილი შეიძლება იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია კანონმდებლებმა გაითვალისწინონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი უფლებები, საქართველოს მოქალაქეების უფლება დაიკავონ საჯარო თანამდებობები, ის ღირებულებები და პრინციპები, რასაც დაეფუძნა საჯარო სამსახურის ახალი სისტემა და არ დაუშვან არაკონსტიტუციური კანონის მიღება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button