სპორტი

ინგლისის ნაკრები ფინალშია. დანია დამატებით დროში დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ინგლისის და დანიის ნაკრებებს შორის შედგა. იტალიის და ესპანეთის მატჩის ანალოგიურად, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში დანიამ გახსნა, თუმცა მასპინძლებმა მალევე შეძლეს წონასწორობის აღდგენა.

ლონდონის „უემბლიზე“ ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მატჩის მეორე ნახევარი მრავალი სახიფათო მომენტის მიუხედავად უგოლოდ დასრულდა.

დამატებით დროში 104 – ე წუთზე დანიელთა საჯარიმოში რახიმ სტერლინგის წაქცევის შედეგად შეხვედრის მთავარმა მსაჯმა 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა. პენალტი საეჭვო იყო და VAR-ის მეთოდით მისი გადამოწმება მოხდა. ვიდეოშემოწმებამ საჯარიმო დარტყმა დაადასტურა და ინგლისელთა კაპიტანმა ჰარი კეინმა შმეიხელს თავისი გამარჯვების გოლი გაუტანა.

დამატებითი დროის მეორე ნახევარი ფაქტიურად ინგლისელთა მოკლე პასებით წარიმართა. საუთგეიტის ბიჭებმა ბურთის გორაობით მხოლოდ დრო გაიყვანეს და ანგარიშის შენარჩუნებით, ფინალის საგზური იზეიმეს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელები ფინალამდე მხოლოდ ერთი გაშვებული გოლით მივიდნენ. ფინალს კი კვლავ „უემბლის“ სტადიონი უმასპინძლებს. 11 ივლისს იტალიის ეროვნული ნაკრები ინგლისის ნაკრების საკონტინენტო პირველობის თასის მოსაპოვებლად დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button