საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება

საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მეორე დღეს, 29 მაისს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა. ცვლილებამდე, საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე ქვეყნდებოდა, პარლამენტმა ეს წესი შეცვალა და შესაძლებელი გახადა, რომ მაღალი თანამდებობის პირთა დეკლარაციები შევსებიდან 60 დღეც კი არ გასაჯაროვდეს.
კენჭისყრაში მონაწილეობდნენ და კანონპროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ 71-მა დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ 9 წევრმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა წარმომადგენელმა.
ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები საჯარო მოხელეს დეკლარაციის შევსებიდან ერთი თვის ვადაში მიუთითებენ ხარვეზის შესახებ და მონაცემების შესაცვლელად ერთთვიან ვადას აძლევენ. კანონი ბიუროს თანამშრომელს შესაძლებლობას აძლევს, საჯარო მოხელეს შენიშვნების შესახებ 30-ე დღეს აცნობოს, თანამდებობის პირს ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ერთი თვე აქვს.
“ხარვეზის აღმოჩენისა და გამოსწორების პერიოდში დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია”, – წერია კანონში
ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტი, რომელზეც საჯარო მოხელეების დეკლარაციები ქვეყნდება, ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანი რესურსია. იქ ქვეყნდება მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების შემოსავლები.
მაგალითად, ამ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან გახდა ცნობილი, რომ ყოფილ პრემიერს მამამ 180 ათასი ლარი აჩუქა.
2024 წლის 7 სექტემბრის შემდეგ ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე ახალი დეკლარაცია არ გამოქვეყნებულა. ვებსაიტზე შესვლის დროს ჩნდება წარწერა, რომელიც მომხმარებელს აცნობს, რომ 9 სექტემბრიდან დეკლარაციის წარდგენისა და გამოქვეყნების წესი შეიცვალა.