მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სი ძინპინი ზელენსკის მაშინ დაელაპარაკება, “როდესაც პირობები იქნება”-ურსულა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ჩინეთის პრეზიდენტს, რუსეთთან საუბრისკენ და უკრაინის ომის დასასრულებლად დახმარებისკენ მოუწოდა.

სი ძინპინი ზელენსკის მაშინ დაელაპარაკება, “როდესაც პირობები იქნება”. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული საუბრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

“პრეზიდენტ სის მოვუწოდე პრეზიდენტ ზელენსკის დაელაპარაკოს, ამის შესახებ [ზელენსკის სურვილის შესახებ საუბარი გამართოს] პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებიდან ვიცი, და იგი საჯაროდ ამბობდა ამას…

ამიტომ საინტერესო იყო მომესმინა, რომ პრეზიდენტმა სიმ დაადასტურა თავისი მზადყოფნა საუბარი გამართოს, როდესაც შესაბამისი პირობები და დრო იქნება. ვფიქრობ, ეს დადებითი ელემენტია”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერთან მოლაპარაკებების დროს მან უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის თემა წამოაყენა, უკრაინული “სამშვიდობო გეგმისადმი” მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა პეკინის განცხადებები ბირთვული მუქარების დაუშვებლობის შესახებ.

“ჩვენ ასევე იმაზე გვაქვს გათვლა, რომ პეკინი პირდაპირ ან ირიბად არ მიაწვდის რუსეთს სამხედრო აღჭურვილობას, ვინაიდან, ყველამ ვიცით, რომ აგრესორის შეიარაღება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს”, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს რუსეთთან საუბრისკენ და უკრაინის ომის დასასრულებლად დახმარებისკენ მოუწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„რუსეთის აგრესიამ უკრაინაში დარტყმა მიაყენა სტაბილურობას. ამით დასრულდა ევროპაში ათწლეულების მშვიდობა. ვიცი, შემიძლია, თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთი გონს მოვიდეს, ყველა მხარე კი მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბოს. ჩვენ ამას დეტალურად დავუბრუნდებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გრძელვადიანი მშვიდობა, ანუ მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და თავიდან აიცილებს ესკალაციის ნებისმიერ ფორმას. მჯერა, ეს ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ჩინეთისთვის, ისევე როგორც საფრანგეთისა და ევროპისთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დღეს ღრმა ისტორიულ ცვლილებებს განიცდის.

„როგორც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებს და დამოუკიდებლობის ტრადიციის მქონე ძირითად ქვეყნებს, ჩინეთსა და საფრანგეთს, როგორც მსოფლიოს მრავალპოლუსიანობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციის ხელშემწყობებს, აქვთ უნარი და პასუხისმგებლობა, გადალახონ განსხვავებები და შეზღუდვები. დავიცვათ ჩინეთსა და საფრანგეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის პარტნიორობა სტაბილურობის, ურთიერთგაგების, განვითარებისა და პროგრესის საფუძველზე, ვიმოქმედოთ ჭეშმარიტი მულტილატერალიზმით და შევინარჩუნოთ მსოფლიო მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა სი ძინპინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button