ავდიივკას მიმართულებით უკრაინული მებრძოლები ანადგურებენ რუსულ ჯავშანმანქანებს

უკრაინაში ომი გრძელდება – საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ავდიივკას მიმართულებით უკრაინული ძალები აქტიურად ანადგურებენ რუსულ ჯავშანმანქანებს.
“ავდიივკას მიმართულებით უკრაინელი დამცველები აქტიურად ანადგურებენ რუსულ ჯავშანმანქანებს. ამ მიმართულებით ოკუპანტებმა 41 ჯავშანმანქანა დაკარგეს. 17 იანვარს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ რუსული ჯარები თავს დაესხნენ ნეველსკოეს აღმოსავლეთით (ავდიივკას სამხრეთ-დასავლეთით).
ამასთან, ბრძოლები გრძელდება ავდიივკას ჩრდილო-დასავლეთით სტეპნოეს, ნოვოკალინოვოსა და ნოვობახმუტოვკას მახლობლად”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ღამით, რამდენიმე ოლქში, საჰაერო განგაში რაკეტებით შესაძლო თავდასხმის გამო ამოქმედდა. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. რუსულმა ძალებმა იერიში განახორციელეს დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონზეც. შედეგად, დაზიანდა კერძო სახლი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა რუსი ჯარების 98 შეტევა 7 მიმართულებით მოიგერიეს. ფრონტზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 114 შეტაკება განხორციელდა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას; ნორვეგიამ უკრაინას, თავდაცვის გასაძლიერებლად, 190 მილიონი დოლარი გამოუყო.
უკრაინული მედია იუწყება, რომ გუშინ, 18 იანვარს, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ხერსონის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, მტერმა ოლქს 67 ჭურვი ესროლა. მათ სამიზნეს საცხოვრებელი კვარტლები და კრიტიკულ ინფრასტრუქტურული ობიექტები წარმოადგენდა.
გასულ დღეს ოკუპანტები უტევდნენ დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაევის ოლქებსაც. მათ დაბომბეს ხარკოვის ოლქის 20 დასახლებაც.
როგორც ჩანს, რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლება ვესიოლოეს დიდი ნაწილი. ამას ასკვნიან უკრაინული პროექტი DeepState-ის ანალიტიკოსები. ისინი აღნიშნავენ, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარები ცდილობდნენ შეტევას ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის სვატოვოს მიმართულებით ლუგანსკის ოლქში და ავდეევკასთან.
გუშინ ვესიოლოეს აღების შესახებ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მანამდე რუსეთის თავდაცვითი უწყება დაახლოებით ერთი თვის წინ აცხადებდა მარიინკის აღების შესახებ.
ვესიოლოე პატარა დასახლებული პუნქტია, მაგრამ ამ მიმართულებით შესაძლო წარმატებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას უკრაინულ პოზიციებს ქალაქ სევერსკში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დილის ანგარიშში ლაპარაკია რუსეთის ჯარების იერიშების გაძლიერებაზე ლუგანსკის ოლქში. ამავე დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმია აქტიურ შეტევას აწარმოებს კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქში. მისი ინფორმაციით, რუსეთის არმიის ძირითადი ძალები კონცენტრირებულია სინკოვკის აღებაზე, რომლის შტურმსაც აწარმოებს რუსეთის სარდლობა ისე, რომ ანგარიშს არ უწევს დანაკარგებს. სინკოვკა ითვლება „გასაღებად“ ქალაქ კუპიანსკის ნაწილისთვის.
ომის მხარდამჭერი რუსული ტელეგრამის არხები იტყობინებიან რუსეთის ჯარების წინსვლაზე ავდეევკის მახლობლად, რომელსაც უკვე თითქმის ორი წელი უტევენ. უკანასკნელი შტურმი შარშან ოქტომბერში დაიწყო. DeepState აღნიშნავს, რომ ავდეევკის სამხრეთით უკრაინის ჯარებისთვის „სერიოზული“ ვითარებაა შექმნილი.
წუხელ ღამით არ იტყობინებოდნენ რუსეთის იერიშებზე უკრაინის ზურგში, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება ხოლმე. ფრონტისპირა რაიონებს საარტილერიო ცეცხლს უშენენ, მათ შესახებ იტყობინებიან, კერძოდ, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებიდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 374 520 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.