მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ყოფილი ელჩი საქართველოს ტოვებს

საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს ყოფილი ელჩის იჰორ დოლჰოვის წერილს. როგორც ის აცხადებს, საქართველოს ტოვებს და კიევში ბრუნდება. დიპლომატი საქართველოს მადლობას უხდის უკრაინისთვის გაწეული ჰუმინიტარული დახმარებისთვის და აღნიშნავს, რომ ქართველები უკრაინის მცველებთან ერთად სიცოცხლეს სწირავენ.

“პატივცემულო თანამემამულენო, პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, ძვირფასო მეგობრებო!

დღეს თბილისიდან ვარშავაში მივფრინავ, შემდეგ კი კიევში. მე და ჩემი მეუღლე საქართველოში 2017 წელს ჩამოვედით. ახლა მეჩვენება, რომ ეს სხვა ცხოვრებაში იყო. ჩვენ ერთად ავიყვანეთ უკრაინულ-ქართული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ერთად გამოვიარეთ პანდემიის მძიმე წლები, ვცდილობდით არ დაგვეკარგა დინამიკა როგორც ვაჭრობაში, ასევე კონტაქტებში.

ომმა ყველაფერი შეცვალა. მიმდინარე წლის 24 თებერვლის შემდეგ, ჩვენ ყველა შევიცვალეთ. ჩვენ მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან ვიგრძენით, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველებმა თავიანთი კარი და თავიანთი გულები გაუხსნეს ომსა და ოკუპაციას გამოქცეულ უკრაინელებს.

უკრაინას მხარს უჭერს მსოფლიო, უკრაინა იღებს უპრეცედენტო დახმარებას, პუტინის რუსეთის ირგვლივ იზოლაციის წრე იკუმშება. ჩვენ ვიცით და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ დღეს ყველაფერი ჯარზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზეა დამოკიდებული და არასოდეს დაგვავიწყდება, რომ უკრაინელ მცველებთან ერთად დგანან ქართველები და ისინი სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. მარადიული ხსოვნა გმირებს!

მადლობა ყველას, ვისთანაც მქონდა საშუალება მემუშავა საქართველოში ამ წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორი მოძმე ერი ყველაფერს გააკეთებს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!”, – აღნიშნულია დოლგოვის მიმართვაში.

1 მარტს უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
“დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეთათვის ხელშეშლის გამო, რომელთაც ჩვენი დახმარება სურდათ და სანქციებთან დაკავშირებული ამორალური პოზიციის გამო”, – თქვა ზელენსკიმ

28 თებერვალს საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა “ტვიტერზე”, მათ შორის ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამდა, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლა შეეძლებოდათ.

31 მატრს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხელს აწერს საქართველოდან ელჩის გაწვევას. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

„არიან ისეთები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვაზე, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ იმაზე, რომ დარჩნენ თანამდებობებზე. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთის ბიზნესისთვის – მოძებნეთ სხვა სამსახური”, – განაცხადა ზელენსკიმ.

საქართველოს გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი გაიწვია მაროკოდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button