მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ Kronen Zeitung წერს. ავსტრიის ნავთობგაზის კომპანიის OMV -ის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა ყოველთვის მცირე მოცულობის რუსულ ნავთობს ყიდულობდა.

„რუსეთში შეძენილი ნავთობის მოცულობა ყოველთვის მცირე იყო, ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ის სხვა ნავთობით ჩავანაცვლეთ“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ავსტრიის სტატისტიკის სამსახურისა და ნავთობის მრეწველობის ასოციაციების მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტი 7,8 %-ს შეადგენდა.

ავსტრიისთვის ყველაზე დიდი ნავთობ იმპორტიორი ყაზახეთია – იმპორტის წილი 38,9%-ს შეადგენს. მეორე და მესამე ადგილას კი ლიბია და ერაყია.

ამასთან თურქეთმა ბუნებრივი აირის ახალი წყაროების ძიება დაიწყო და აშშ-იდან თხევადი გაზის შეტანის ხელშეკრულება გააფორმა, – იტყობინება Bloomberg-ი.

თურქეთის სახელმწიფო კომპანია Botas-ი, რომელიც რუსეთის „გაზპრომის“ ძველი პარტნიორია, ასრულებს მოლაპარაკებას გერმანიის Deutsche Bank-თან ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის მიღების შესახებ, რითიც აპირებს ამერიკიდან თხევადი აირის შესყიდვას. გამოცემის თანახმად, აშშ-ის გარდა, თურქეთი აირს შეისყიდის ევროპელი გადამყიდველებისგანაც.

ბანკთან შეთანხმების გაფორმებით კომპანიას გზა გაეხსნება, მიაღწიოს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას. ამ ეტაპზე ამ მხრივ თურქეთის ბაზარზე რუსეთი და ირანი ბატონობენ. ხელშეკრულებას უახლოეს კვირებში გააფორმებენ.

თურქეთი, ისევე როგორც ევროპის კავშირის ქვეყნები, დიდ სირთულეებს წააწყდნენ რუსეთის გაზის გაძვირების შემდეგ, მას მერე, რაც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს. თურქეთის მთავრობა არ აძლევს ნებას სახელმწიფო ფირმებს, ინფლაციასთან ბრძოლის კონტექსტში 2023 წლის არჩევნების წინ ხარჯები მომხმარებელზე გადაიტანონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button