მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტობუსები თელავს საპარკინგე ადგილისა და მარშრუტის გარეშე

ავტობუსები საპარკინგე ადგილის, მარშრუტისა და გაჩერებების გარეშე – სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია, ადგილობრივ ხელისუფლებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტის განხორციელებას უწუნებენ.

ავტობუსები, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტს დღეს გადაეცა, თანამედროვე, EURO-5-ის სტანდარტის ტრანსპორტია. ხუთი ერთეული ავტობუსის გადაცემის პროცესს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილიც ესწრებოდა.

ბეგიაშვილის განმარტებით, ავტობუსების შესაძენად დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო.

“კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ეს პროექტი არ შეფერხდა და საქართველოს დიდ ქალაქებში, 175 ერთეული, თანამედროვე, EURO-5-ის სტანდარტის ავტობუსები შემოვა. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, უახლესი შესაძლებლობების ტრანსპორტი. თელავში ახლა შემოვიდა 5 ერთეული და კიდევ 5 შემოვა უახლოეს მომავალში. მარშრუტებისა და გაჩერებების ადგილების დამკვეთი თელავის მუნიციპალიტეტია. შესაბამისად, ის მიიღებს გადაწყვეტილებას ტარიფსა და შეღავათებზეც. შენდება ავტობუსების დეპო, რომელიც ორ-სამ კვირაში დასრულდება”, – განაცხადა ბეგიაშვილმა რადიო ჰერეთთან.

ინფორმაცია, თელავში ახალი ავტობუსების შემოყვანაზე, 2019 წლიდან ვრცელდება. ქალაქ თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას, ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოება, რამდენიმე წელია ითხოვს. ტრანსპორტის მოთხოვნის საკითხზე, რამდენიმე საჯარო განხილვაც მოეწყო. სამოქალაქო სექტორის აქტიურობით, განხილვის პროცესში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

სამოქალაქო აქტივისტი, არჩილ მჭედლიშვილი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ რეალურად ავტობუსების ექსპლოტაციაში შესვლა ეჭვქვეშ დგას, რადგან მუნიციპალიტეტს მოსამზადებელი სამუშაოები არ ჩაუტარებია.

“ავტობუსების შემოსვლამდე მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. საპარკინგე ადგილიც არ დაუსრულებიათ, არ არის მოწყობილი გაჩერებები, არ განსაზღვრულა მარშრუტები, ტარიფი, შეღავათები. მოკლედ სამუშაო არ ჩაატარეს. ან ვინ უნდა მიხედოს და უპატრონოს, ჯერ ეგეც არ იციან. არც სპეციალისტებისთვის უკითხავთ, არც ურბანისტებისთვის. ქალაქი რამდენჯერ შეიცვალა. როცა ინიციატივით შევედით და კვლევას ვითხოვდით, გვიპასუხეს, რომ სპეციალისტები ავტობუსებს ჩამოყვებიანო და სად არიან, აბა სპეციალისტები?”, – აღნიშნავს მჭედლიშვილი.

ავტობუსების შემოყვანა, წინასაარჩევნო ნაბიჯად შეაფასეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში, ნიკა ვარდოშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მოუმზადებელი ნაბიჯი, არჩევნების გამო გადადგა.

“წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი. ყველა სხდომის ბოლოს, ვაკეთებდი განცხადებას, რომ სირცხვილია, 21-ე საუკუნეში, თელავს არ ჰქონდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩინოვნიკების მანქანების მოვლა-პატრონობაში, ყოველწლიურად, მილიონ ლარამდე იხარჯებოდა და ხალხს ტრანსპორტი არ აქვს დღემდე. ეს ახლა წინასაარჩევნოდ გააკეთეს, მაგრამ ისიც ვერ მოახერხეს. დეპოც კი არ აქვთ და თეატრის წინ გააჩერეს ავტობუსები. სიმართლე გითხრათ, მეგონა დასი მიდიოდა გასტროლებზე. კითხვა მაქვს მერთან – როდის შეძლებს მოსახლეობა ამ ტრანსპორტით სარგებლობას?”, – აცხადებს ვარდოშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა დაადასტურა, რომ ავტობუსებისათვის საპარკინგე ადგილის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და არც მარშრუტებია განსაზღვრული.

“ავტობუსების დეპო შენდება, მარშრუტების თაობაზე და გაჩერებების მოწყობაზეც კვლევა მიმდინარეობს. მანამდე ავტობუსები, სადმე, ქალაქის ცენტრალურ ადგილზე განთავსდება. რაც შეეხება ტარიფსა და შეღავათებს, ასევე სტრუქტურას ტრანსპორტის მართვისათვის, ამაზე საკრებულოსთან მიმდინარეობს მსჯელობა და ჩამოვყალიბდებით. მერიაში დღეს არსებული სამსახურები, ამისთვის არ გამოდგება. ახალი სტრუქტურა დაგვჭირდება”, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.

ავტობუსების დეპოს მშენებლობა თელავში, 2020 წლის თებერვალში დაიწყო და სამუშაოები, 1 004 517 ლარის ღირებულებისაა. მთლიანად პროექტი 19 მილიონ ევროდ არის შეფასებული და ის, საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

როდის შეძლებენ თელაველები, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას, კონკრეტული თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button