მნიშვნელოვანისიახლეები

აზარტული თამაშების შესახებ კანონი მიღებულია

პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვაზე ცვლილებათა პაკეტს III მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება.

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 82-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო. ცვლილებები კიდევ შვიდ კანონში აისახა.

პროექტით, აზარტული თამაშებისთვის მინიმალურ ასაკობრივი ცენზი 25 წლამდე იზრდება. ამასთან, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ პირებს აზარტული თამაშის უფლება აეკრძალება – მმართველი გუნდის ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა 1-მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება.

ცვლილებათა პაკეტი ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის გახმოვანების შემდეგ მოამზადა.

რეგულაციების მიხედვით, პირველ ეტაპზე გაიზრდება გადასახადი, აიკრძალება რეკლამა და დასაშვები ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე განისაზღვრება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ არ დაზიანდეს არც საზოგადოება და არც ეკონომიკური სექტორი.

შეიქმნება აკრძალულ პირთა სია.

ასევე, იქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და შეიქმნება მონაცემთა ბაზა.

დამოკიდებულ პირთა სიაში ადამიანებს 5 წლით შეიყვანენ.

კანონპროექტის მიხედვით:

დამოკიდებულ პირთა სიას და აკრძალულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მონაცემების შეტანა.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა ხდება:

ა) თავად დამოკიდებული პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანის თაობაზე;

ბ) სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

3. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეტანა ხდება 5 წლის ვადით.

4. დამოკიდებულ პირთა სიიდან, პირის მონაცემების ამოღება შესაძლებელია სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, ამავე პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში.

5. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით;

განცხადებას დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის შესახებ განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი ადამიანი, თამაშის შემთხვევაში, პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში – 20 ათასი ლარი. იგივე ოდენობის ჯარიმებია განსაზღვრული იმ დაწესებულებისთვის, ვინც დამოკიდებულ პირს სათამაშოდ დაუშვებს.

ამავე პროექტით, ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინ-გადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.

გარდა ამისა, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილში – პროექტის საბოლოო რედაქციით, სატელევიზიო ეთერში რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება იკრძალება.

იგეგმება, რომ დამოკიდებულთა და ასაკრძალი პირების სიების შესახებ კანონის მუხლები 2022 წლის მარტიდან ამოქმედდეს, ახალი რეგულაციები 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

მმართველი გუნდის და ოპოზიციის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button