აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადაციო პატიმრობა კვლავ 3 თვით გახანგრძლივდა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადაციო პატიმრობა კვლავ 3 თვით 3 მაისამდე გახანგრძლივდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
სადიგოვის წარმომადგენელი, ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან, ქეთი ჩუთლაშვილი გირაოს სანაცვლოდ სადიგოვის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აფგან სადიგოვი საპატიმროში დღემდე შიმშილობს.
2024 წლის პირველ ნოემბერს, ჟურნალისტის ადვოკატებმა სადიგოვისთვის საექსტრადაციო პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს, რაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა არ დააკმაყოფილა, ასევე, არც გირაოს შუამდგომლობისა და პირადი თავდებობის საკითხიც დაკმაყოფილდა.
სასამართლო სხდომაზე პროკურატურა სადიგოვის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადის კვლავ გაგრძელებას შუამდგომლობდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის რისკები მომატებულია.
დაცვის მხარის განცხადებით, პროკურორის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი. ადვოკატი სადიგოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას შუამდგომლობდა.
სადიგოვი სასამართლო პროცესზე დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობდა, რომლის შესახებაც ხუთი სიუჟეტი მოამზადა და მისივე თქმით, ეს მისი დაპატიმრების მიზეზია.
“მე არასდროს ჩამიდენია სისხლის სამართლის დანაშაული, უბრალოდ ალიევს [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] ვაკრიტიკებდი და ვამხელდი მის დანაშაულებს”, – თქვა ნოემბრის სასამართლო სხდომაზე სადიგოვმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორი საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა 3 აგვისტოს, თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. ის აზერბაიჯანში ორჯერ – 2016 და 2020 წელს დააპატიმრეს. აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა და ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში ცხოვრობს.
აფგან სადიგოვმა 21 სექტემბერს შიმშილობა დაიწყო, მას შემდეგ, რაც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში.
სადიგოვი, მისი ადვოკატი და ოჯახი შიშობს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემდეგ, ჟურნალისტის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.
ამასთან, 18 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სადიგოვს თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვება მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით შეეძლო.