მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავა მოიგო

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე მოიგო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ მუხთარლის 12 500 ევრო, ხოლო აზერბაიჯანმა 8 500 კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს.

სასამართლომ დაადგინდა, რომ საქართელომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) გამოძიების ჩატარების ნაწილში დაარღვია, თუმცა “არსებითი დარღვევა ამ მუხლების არ ფიქსირდება”.

ასევე სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მხრიდან კონვენციის მე-5 მუხლის (3) (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) დარღვევა, რომლის თანახმადაც დაკავებული ან დაპატიმრებული დაუყოვნებლივ წარდგება სასამართლოს წინაშე ან სხვა თანამდებობის პირის წინაშე, რომელსაც კანონით მინიჭებული აქვს სასამართლო უფლებამოსილება და აქვს უფლება გონივრულ ვადაში გაასამართლოს ან გაათავისუფლოს სასამართლო პროცესამდე; ასევე დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება).

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც ილჰამ ალიევის ოჯახის კორუფციულ სქემებს იძიებდა და ამის გამო იდევნებოდა, თავს ოჯახთან ერთად საქართველოს აფარებდა. 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ ის თბილისიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს. 2 დღის შემდეგ გაირკვა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში დაკავებული ჰყავდათ, მისი პასპორტი კი ცოლს, ლეილა მუსტაფაევას სახლში ჰქონდა.

ქართულ მხარეს მომხდარი დღემდე არ გამოუძიებია. 2022 წლის 21 აპრილს მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, საქმეზე „აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, განმცხადებელი საქართველოსთან მიმართებაში ჩიოდა გატაცებას, ძალადობასა და იძულებით გადაყვანას აზერბაიჯანში, ასევე შესაბამისი ორგანოების მიერ ეფექტიანი გამოძიების განუხორციელებლობას. აზერბაიჯანთან მიმართებაში, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება და პატიმრობა იყო უკანონო, დაუსაბუთებელი და მის მიმართ დარღვეული იყო კონვენციით დაცული და გარანტირებული უფლებები.

„საქმე ეხება, 2017 წელს დაუდგენელი პირების მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას და აზერბაიჯანისთვის გადაცემას, სადაც ის საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ევროსასამართლოში განაცხადი “უფლებები საქართველომ” (მაშინდელი “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”) და მისმა ადვოკატებმა არჩილ ჩოფიკაშვილმა და ნიკოლოზ ლეგაშვილმა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან თანამშრომლობით 2017 წელს გააგზავნეს. განმცხადებელი საქართველოსთან მიმართებაში ჩიოდა გატაცებას, ძალადობასა და იძულებით გადაყვანას აზერბაიჯანში, ასევე შესაბამისი ორგანოების მიერ ეფექტიანი გამოძიების განუხორციელებლობას. აზერბაიჯანთან მიმართებაში, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება და პატიმრობა იყო უკანონო, დაუსაბუთებელი და მის მიმართ დარღვეული იყო კონვენციით დაცული და გარანტირებული უფლებები.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლი – წამების აკრძალვა და მეხუთე მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პროცედურულ ნაწილში ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის, განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობასა და აზერბაიჯანისთვის უკანონო გადაცემის გამო; სასამართლომ აზერბაიჯანის მხრიდან ევროკონვენციის მე-5 მუხლის მესამე პარაგრაფისა (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მერვე მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა.

საქართველოს მთავრობამ აფგან მუხთარლის უნდა გადაუხადოს ჯამში 12 500 ევრო, აზერბაიჯანის მთავრობამ – 8.500 ევრო. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა: 1. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება 2017 წელს დაიწყო, შვიდ წლის შემდეგაც, გამოძიებამ ვერ შეისწავლა დანაშაულის მნიშვნელოვანი ასპექტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაადგინა, მომჩივანმა უკანონოდ გადაკვეთა თუ არა საზღვარი, ან ფიზიკურად შესაძლებელი იყო თუ არა ამის გაკეთება აღნიშნულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, გამოძიების მნიშვნელოვან პერიოდებში იყო უმოქმედობა და მტკიცებულებების, განსაკუთრებით ვიდეოკამერების ჩანაწერების, არასათანადო გამოკვლევა. 2. ევროსასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, ჩაეტარებინათ ეფექტიანი და საფუძვლიანი გამოძიება, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა. 3. საქართველოს ხელისუფლების მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია განმცხადებლის თბილისიდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანში აღმოჩენის ზუსტი გარემოებების დადგენა. შედეგად, სასამართლომ „გონივრულ ეჭვის მიღმა“ სტანდარტით ვერ დაასკვნა, რომ განმცხადებელი გაიტაცეს, არასათანადოდ მოეპყრნენ ან იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში. სწორედ ამიტომ ვერ დაადგინა სასამართლომ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების მატერიალური დარღვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ“,- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას თან ახლავს ორი მოსამართლის თანმხვედრი აზრი, სადაც მითითებულია, რომ: “ევროსასამართლოს დიდმა პალატამ საკმარისად არ გაითვალისწინა საქართველოში გამოძიების დამოუკიდებლობის არარსებობის ასპექტი, რაც გამოწვეული იყო საქართველოში მაღალი დონის ოფიციალური პირის მხრიდან მყისიერი რეაგირებით“.

„პალატას ასევე მხედველობიდან გამორჩა მომჩივნის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების არასანდოობისა და დამაჯერებლობის ასპექტის გათვალისწინება, რომელიც ეხება მუხთარლის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებებს. ევროსასამართლოს მოსამართლეების განცხადებით: “გამოძიება არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, როცა „უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, გამოძიების დასაწყისშივე, პოლიციელებს აძლევენ მკაფიო დავალებას, დაამტკიცონ, თითქოს არცერთი პოლიციელი არ მონაწილეობდა დანაშაულში, მით უმეტეს, რომ არსებობს გარკვეული მინიშნებები და ეჭვები, რომ ამ საქმეში შესაძლოა პოლიციელი ან სახელმწიფო აგენტი (ქართველი ან აზერბაიჯანელი) იყოს ჩართული. სწორედ პოლიტიკოსების ამ განცხადებები, გამოძიების ზოგიერთ სხვა ასპექტთან ერთად, საეჭვოს ხდის, რატომ არ არსებობს დღემდე გამოძიების დასკვნა. ასევე, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ განმცხადებლის წინააღმდეგ არსებული ეჭვები, რამაც გამოიწვია მისი დაკავება, შეიძლება არც ისე სარწმუნო აღმოჩნდეს ამ თვალსაზრისით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, განმარტავენ, რომ მუხთარლის გატაცების საქმეზე ამ დრომდე არც ერთი პირის ბრალეულობა გამოკვეთილი არ არის.აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი საქმის გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ მიენიჭა. აფგან მუხთარლის ინტერესებს კი 2017 წლიდან დღემდე იცავს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button