მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას ბაქოსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის 7 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ოთხმხრივი შეხვედრა ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით არ შედგება, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„შეხვედრა ბრიუსელში 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გუშინ ჰიქმეთ გაჯიევმა (პრეზიდენტის თანაშემწე რ.თ.) მაცნობა, რომ მას შარლ მიშელის (ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რ.თ.) ოფისიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრას მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მონაწილეობის პირობით დათანხმდა. ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა არ შედგება“, – განაცხადა ალიევმა.

სლიევის თქმით, საფრანგეთი ვერ მიიღებს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ემანუელ მაკრონმა ინტერვიუში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და დაადანაშაულა ბაქო იმაში, რაც მას არ ჩაუდენია.

„პრაღაში შეხვედრიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ინტერვიუში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და იმაში დაგვადანაშაულა, რაც არ გაგვიკეთებია. ამას მოჰყვა საფრანგეთის სენატის ცნობილი რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთ ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას მიიღებს. საფრანგეთის მხრიდან ჩვენზე შეტევის მცდელობა იყო ფრანკოფონიის სამიტის მეშვეობითაც. ეს მიუღებელია, ვინაიდან ფრანკოფონია ჰუმანიტარული ორგანიზაციაა“, – აღნიშნა ალიევმა.

როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, ამას მოჰყვა საფრანგეთის სენატის მიერ რეზოლუციის მიღება, რომელიც აზერბაიჯანისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. ალიევის განცხადებით, ახლა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთი ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის მიღებისთვის ემზადება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე დაადანაშაულა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი ეტაპის დაბრკოლებაში. თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „პრაღის ფორმატის“ მოლაპარაკებების შენარჩუნება სურთ, სადაც ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ემანუელ მაკრონი და შარლ მიშელი ასრულებენ. უწყების ცნობით, აზერბაიჯანის განცხადებას, თითქოს ერევანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

ადრე მან განაცხადა, რომ ტუნისში გამართული ფრანკოფონიის სამიტის რეზოლუციის ტექსტიდან „ანტიაზერბაიჯანული თეზისები“ ამოიღეს.

„ჩვენ მეგობრები გვყავს ევროპაშიც, ამიტომ ეს ანტიაზერბაიჯანული რეზოლუცია ფორმალობას წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით გასაგებია, რომ საფრანგეთი ვერ მიიღებს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას. და ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, რადგან არც აშშ-ს, არც რუსეთს ოფიციალურ დონეზე არასდროს დაუკავებიათ რომელიმე მხარე. ეს ნიშნავს, რომ 7 დეკემბერს შეხვედრა არ შედგება და ჩვენ სხვა ალტერნატივებს განვიხილავთ. ვნახოთ, ვინ შეასრულებს შუამავლის როლს და რომელ პლატფორმაზე“, – ამის შესახებ ილჰამ ალიევმა დღეს, 25 ნოემბერს, განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაა „შუა დერეფანი: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა“.

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს ბოლოს 31 ოქტომბერს სოჭში შეხვდნენ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შუამავლობით. სოჭში მიღებულ ერთობლივ განცხადებაში სამი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის აქტიურად მომზადების მნიშვნელობას, რეგიონში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. თუმცა, სოჭის შეთანხმებებიდან 10 დღის შემდეგ, ერევანსა და ბაქოს შორის მწვავე ურთიერთბრალდებები დაიწყო.

ცნობისთვის, სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, ხოლო წინა თვეში, პრაღაში, ორი ქვეყანა საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button