მნიშვნელოვანიმსოფლიო

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, რიგგარეშე არჩევნები 2018 წლის 11 აპრილს გაიმართება.

ამავე განკარგულებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. ილჰამ ალიევის განკარგულებაში არ არის მითითებული არჩევნების ნახევარი წლით ადრე ჩატარების მიზეზი.

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ალი ახმედოვმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებს ილჰამ ალიევს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტად ილჰამ ალიევი პირველად აირჩიეს 2003 წელს, შემდეგ 2008 და 2013 წლებში. 2016 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანის პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა გაზარდა ხუთიდან შვიდ წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button