მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

აზრთა სხვადასხვაობა მაღალ საეკლესიო იერარქიაში

“ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას.

პატრიარქს არაფერი უთქვამს სააღდგომო ლიტურგიის დროს მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე. მას არც კომენდანტის საათის დროს გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უსაუბრია, რაც საეკლესიო მსახურების დროს, ხშირად ირღვევა.

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. 4 საათზე იქნება 12 ვნების სახარების კითხვა. წყალობა მოგმადლოთ უფალმა, სიყვარული ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, – ბრძანა პატრიარქმა.

“მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა განუცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი ქრისტიანი თავად არის საკუთარ თავზე პასუხისმგებელი.

მეუფე იაკობის ინფორმაციით, დღეს ფეხთა ბანვის რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში უბრალოდ არ ჩატარდა.

„მე ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ მრევლის გამო დაშვება გააკეთეს. როდესმე თქვენ გინახავთ, მე მრევლისთვის მეთქვას, აუცილებლად მოდი ეკლესიაში? არჩევანის საშუალება აქვთ ადამიანებს, რობოტები არ არიან. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო. თქვენ რომ გიკეთიათ პირბადეები, ხომ უჯერებთ?! ვიღაცა, ალბათ, იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდნენ. ვინც მოვა, მოვა. მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი. ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი. ვისაც მისვლა უნდა, მივა, ვისაც მისვლა არ უნდა, არ მივა,”- განაცხადა მეუფე იაკობმა.

“პაატა იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს”, – ასე უპასუხა ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პაატა იმნაძის იმ განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობდა, რომ საქართველოში შესაძლოა, კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამების დათვლა გაჭირდეს.

ბოდბელი მიტროპოლიტის თქმით, რეალურად, ბევრად მეტი დაინფიცირებულია ქვეყანაში.

“რეალურად რამდენი გვყავს, ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გსურთ საუბარი მხოლოდ?! ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც რეალურადაა. ექიმებს ჰკითხეთ,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ეკლესიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი.

“თავი სიზმარში მგონია, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის. რეალობა ძალიან დამაფიქრებელია”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფის შეფასებით, საფრთხე რეალურია.

“ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი მწვანე ფორმიანი ადამიანებისა, რომლებიც ნიჩბებით და ხელკეტებით იყვნენ მომართულები და ამ დროს მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია და აი, ამ სიტყვებით მიმართა. შესაძლოა, სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს ამ საფრთხეს, ნუ, რაც მოყვა ამას, ეს ჩვენ ვიცით. დღეს კვლავ გავიგეთ ეს სიტყვები, ოღონდ პაატა იმნაძისგან, საფრთხე რეალურია. დღეს უკვე ჩვენს თვალწინ არის ცოცხალი მაგალითები მთელ მსოფლიოში, როცა არის უდიდესი მსხვერპლი. მრავალი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია და საფრთხის ქვეშ არიან, მავანნი კიდევ, მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აი, ამ ფონზე ჩვენ გვესმის საფრთხე რეალურია, თან გეტყვით, ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე. ეს მსმენელი, ანუ ამის მიმღები და გამგონი, რა თქმა უნდა, ადრესატი ამის არის თითოეული მოქალაქე, თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზე არის პასუხისმგებელი და რა თქმა უნდა, მათ შორის, ეკლესიაც. ამ რეალობას და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერსად ვერ წაუვალთ ,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მიტროპოლიტის თქმით, საპატრიარქოში არ არის ისეთი ორგანო, რომელიც კრიზისის პირობებში პასუხისმგებლობას აიღებს. მისივე განცახადებით, მთელი პასუხისმგებლობა მრევლს დაეკისრა.

„ასეთი ორგანო საპატრიარქოში არ არსებობს, რომელიც ამ კრიზისის პირობებში პასუხისმგებლობას აიღებდა. ასეთი, როგორც ადრე გითხარით, არის წმინდა სინოდი, რომელიც გაიმართა ადრე და მიიღო გადაწყვეტილება, რაც მიიღო და მას შემდეგ უკვე ჩვენ რამოდენიმე განცხადება მოვისმინეთ, საზოგადოებამ მოისმინა, თუმცა ეს ყველაფერი არის რეკომენდაციები და რეკომენდაცია რა თქმა უნდა, დიდად განსხვავდება კურთხევისგან. საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს, ვინც ისეა მონდობილი ეკლესიაზე, როგორც ჩვილი დედის მკერდზე. ეს ხალხი არის მრევლი, რომლებიც იმედის თვალით შეგყურებს და ელის შენგან მაცხონებელ სიტყვას. ამ მდგომარეობაში, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული და არ შეიძლება ჩვენ არ დავუჯეროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან. ის პროცესი, ის განვითარება ამ მოვლენებისა, მათ უწყიან, ისინი ხედავენ ამას, როგორც თქვენ მე მხედავთ და მე გხედავთ. ძალიან მიმძიმს საუბარი ამ თემაზე,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button