“ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან ყველაფერი წაშლილია”
“თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია.” ამის შესახებ, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ადვოკატი გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
მიხეილ რამიშვილის თქმით, იმის გარდა, რომ თამუნა ბაჩალიაშვილის ტელეფონის გახსნისას, სოციალურ ქსელებში ინფორმაცია წაშლილი დახვდათ, ასევე არ იძებნება ლოკაციები.
“7 საათი ვიმყოფებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეს მოტანილი იყო მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონიდან ვნახეთ ინფორმაციის რაღაც ნაწილი, რაც მოვახერხეთ. Whatsapp-ი, Messenger-ი, Facebook-ი, Viber-ი, – ყველა სოციალური ქსელიდან, აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია.
“ბოლო ჩატი Whatsapp-ში 24 ივნისიდან არის წაშლილი. ბოლო ზარი არის 6 ივნისიდან წაშლილი. არანაირი ლოკაცია, ადგილმდებარეობა არ არის ნაჩვენები. როგორ შეეძლო განეხორციელებინა გადაადგილება თეთრიწყაროში და იმ ადგილებში, სადაც აღმოჩენილი იყო. თვით გამოძიებასაც, იმ პირებთან ერთად, ვისთანაც დათვალიერებას ვახორციელებდით, ჩემს კითხვებზე არ ჰქონდა პასუხი.
“ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერები ვნახეთ, ვნახეთ 18 ივლისის, ულამაზესი გოგონას ულამაზესი ფოტო, რომელიც მან გადაიღო ძალიან ლამაზ ფორმაში, ცოტა მხიარული და ცოტა სევდიანი სახით. ეს იყო მისი გადაღებული სურათები.” – განაცხადა რამიშვილმა.
ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროში, presa.ge-ს რედაქტორი გიორგი კაპანაძეც იმყოფებოდა, რომელმაც ფურცელზე დაწერილი ტექსტის ამსახველი ფოტოსურათი გამოაქვეყნა, შემდეგი კომენტარით:
”ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ ბაჩალიაშვილის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთს ვასაჯაროებ…
“პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” – ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი – “15”…
“ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური? რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში? ” – წერს კაპანაძე.
კომენტარებში ხალხის ყურადღება მიიქცია გამოყოფილმა პ-ასომ და წერენ:
“ასო პ გამოყოფილია ტირეთი. ეს ასო ანბანის მე-15 ასოა. იქნებ ეს არის გასაღები.”
მოისმინეთ თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის და გიორგი კაპანაძის ხმები.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. შემდეგ კი, ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.