ბაჩიაშვილს სასამართლომ საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტ“ გიორგი ბაჩიაშვილს, რომელმაც ქვეყანა უნებართვოდ, მალულად დატოვა, უარი უთხრა „კრიპტოვალუტების საქმეზე“ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე.
მოსამართლემ განმარტა, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, ბრალდებულმა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების ქვეშ იმყოფებოდა, ქვეყანა დატოვა და მართლმსაჯულებას თავი აარიდა, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი გახდა.
მოსამართლის განმარტებით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, ნებისმიერი ფორმით ბაჩიაშვილის მონაწილეობა სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევს. მოთხოვნა სხდომაზე ადვოკატმა დააყენა, მას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.
ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი ამბობდა, რომ საბოლოო სიტყვით სარგებლობა არის ბრალდებულის ექსკლუზიური უფლება და თუნდაც ბრალდებულის მიმალვა არ უნდა იქნეს მის წინააღმდეგ „დასასჯელად“ გამოყენებული.
პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი, – რომელმაც ქვეყანა ნებართვის გარეშე დატოვა, – თავს არიდებს მართლმსაჯულების განხორციელებას.
ადვოკატმა მახარაშვილმა განაცხადა ისიც, რომ ბაჩიაშვილის „უმორჩილესი თხოვნა და სურვილია“, საბოლოო სიტყვით მიმართოს სასამართლოს; რომ ჰქონია პრაქტიკა, ძებნილი პირი ჩართულიყო პროცესზე.
საბოლოოდ, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბაჩიაშვილის სასამართლოზე საბოლოო სიტყვით გამოსვლაზე, დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა და ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დასკვნითი სიტყვებით ბრალდებისა და დაცვის მხარეები ასრულებენ სასამართლო განხილვას. შემდეგ კი მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. გადაწყვეტილებას გიორგი გელაშვილი „კრიპტოვალუტების საქმეზე“ დღესვე, 30 მარტს გამოაცხადებს.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წაყენებული და სამივეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე. ასეთ დროს მოსამართლე ვალდებულია, [დაყადაღებული] ქონება მიაქციოს სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც არ გააკეთა. დასკვნითი სიტყვის დროსაც გავაჟღერე ჩემი ეჭვები, რომ ეს საქმე გამოყენებული იქნებოდა შემდეგ სამოქალაქო დავის დასაწყებად, ალბათ, ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
დღეს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბაჩიაშვილის კუთვნილ ქონებას დადებული ყადაღა მოხსნა. ადვოკატი ეჭვობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ზიანის ანაზღაურების მიზნით ბაჩიაშვილთან სამოქალაქო დავას დაიწყებს.
„ძალიან მოულოდნელი იყო-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. თუმცა, წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, სადაც დეტალურად განვიხილეთ გამოძიების და სასამართლო განხილვის ყველა ხარვეზი, ასევე მოწმეთა ჩვენებების შეუსაბამობა, ცხადია, ამ ფორმით ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი. რაც შეეხება დასაბუთების ნაწილს და იმას, რაც მოსამართლემ აღნიშნა – აქცენტი გაამახვილა ჩანაწერზე, რომელზეც პირველივე დღიდან ვაცხადებდით, რომ ავთენტური იყო და ფაქტობრივად, აღიარა, რომ მონტაჟი არ არის, მაშინ გაურკვეველია, რატომ შეაფასა სამხარაულმა, რომ ეს დამონტაჟებული იყო. გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე და ასეთ დროს, მოსამართლეს არ აქვს არჩევანის უფლება, ვალდებულია, ქონება მიაქციოს სახელმწიფოს საკუთრებაში ავტომატურ რეჟიმში, ქონება არ გადასცა. მე მეგონა, გამომრჩა და დავაზუსტებინე, ქონება არ გადამიციაო. ანუ ეს რას ნიშნავს? რაც დასკვნითი სიტყვის დროს გავაჟღერე ჩემი ეჭვები, რომ ეს საქმე გამოყენებული იქნებოდა შემდეგ სამოქალაქო დავის დასაწყებად, ალბათ, ეს ასეც იქნება.
დღეს ეს ვარაუდია, მაგრამ ხვალ, ან ზეგ ამაში ჩვენ ყველანი ერთად დავრწმუნდებით. სავარაუდოდ, ზიანის ანაზღაურების ნაწილში წავა ეს დავა.
გიორგი ბაჩიაშვილი ნამდვილად უდანაშაულოა. ამას ვაცხადებ არამხოლოდ იმიტომ, რომ მისი ადვოკატი ვარ, არამედ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, შესაბამისად, ეს ბრძოლის მხოლოდ ერთი ეტაპია ამ სასამართლოში, თან ერთ საქმეზე, ყველგან, ყველა სფეროში, მათ შორის, სამოქალაქო კუთხით თუ გახდება საჭირო, სტრასბურგის სასამართლოშიც ჩვენ ვიდავებთ, რომ დადასტურდეს ბაჩიაშვილის უდანაშაულობა“, – განაცხადა მახარაშვილმა.
გაასაჩივრებენ თუ არა ისინი საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, ეს ჯერ უცნობია.
„ვინაიდან საქმის განხილვის ბოლო ეტაპი, ფაქტობრივად, დაუსწრებლად მოხდა, ორგვარი რეგულაციაა გასაჩივრების. პირველი, შემიძლია მე გავასაჩივრო ბაჩიაშვილის თანხმობით დღეიდან ერთი თვის ვადაში. მეორე, თვითონ ბრალდებულს შეუძლია გაასაჩივროს ნებისმიერ დროს, მას შემდეგ, რაც ის ამ გადაწყვეტილებას ჩაიბარებს. ამასთან დაკავშირებით მას დეტალები უნდა ავუხსნა და ჩამოვყალიბდეთ“, – განაცხადა მახარაშვილმა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ის მტკიცებულებები, რომელიც, როგორც გამოძიების ეტაპზე იყო მოპოვებული, ასევე სასამართლოზე იყო წარმოდგენილი და გამოკვლეული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ და ახლა უკვე ძებნაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებები პრაქტიკულად პირდაპირ ბრალდებულის აღიარებასაც მოიცავდა.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ის მტკიცებულებები, რომელიც, როგორც გამოძიების ეტაპზე იყო მოპოვებული, ასევე სასამართლოზე იყო წარმოდგენილი და გამოკვლეული. ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი სრული მოცულობით ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი, როგორც მითვისებაში, ასევე მითვისებული აქტივის ლეგალიზაციაში. მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებები, რაზედ დიდი ხნის განმავლობაში ვახდენდი აპელირებას, არის დოკუმენტური ხასიათის, რომელიც პრაქტიკულად პირდაპირ ბრალდებულის აღიარებასაც მოიცავდა“, – განაცხადა სადრაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის ადგილსამყოფლის დადგენას შეეხებოდა, პროკურორმა უპასუხა, რომ ინტერპოლისთვის მიმართვა გაგზავნილია და სხვა დეტალური ინფორმაცია ამ მიმართულებით არ აქვს.
„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას განვუცხადე, რომ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოფიციალური მიმართვა ინტერპოლისთვის გაკეთებული ჰქონდა შესაბამის დეპარტამენტს და სტრუქტურულ ერთეულს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია ამ მიმართულებით არ მაქვს“, – აღნიშნა საქმის პროკურორმა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებათა სტანდარტი, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განაცხადა.
მან მის მიერ მიღებული განაჩენი განმარტა.
„მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო დაეყრდნო იმ მტკიცებულებებს, რაც ერთი მხრივ, ბრალდების და მეორე მხრივ, დაცვის მხარემ წარმოადგინა. ერთობლიობაში, ანალიზის საფუძველზე [სასამართლომ] მიიღო გადაწყვეტილება ის, რაც მოვისმინეთ.
სასამართლომ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა. მათ შორის, მინაწერები, სადაც აშკარად ჩანს, რომ იოსებ ფოფხაძემ პროცესის მიმდინარეობისას დაადასტურა, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მას არცერთი მიმოწერა არ განუხორციელებია და ყველა მიმოწერის ავტორი გიორგი ბაჩიაშვილი იყო. აღნიშნული მიმოწერის შინაარსის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი (დაზარალებულს მოვიხსენიებ მის უფროსად) ადასტურებდა, რომ გარკვეული ინტერესი ჰქონდა მის „უფროსთან დაკავშირებით“. ის ციტირება, რაც ბრალდების მხარემ მოიყვანა თანხის გადახდის რაღაც ნაწილში ადასტურებდა, რომ მილიონ-ნახევარი იყო მისი ინვესტიციის ნაწილი და დანარჩენი მისი „ბოსის ინტერესი“….
ერთობლიობაში სასამართლომ ეს მტკიცებულებები შეაჯამა და მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზე იყო ის ქმედება, რაც მას ბრალად ჰქონდა წარდგენილი. საბოლოო ჯამში, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიციები. გიორგი ბაჩიაშვილს არაერთი გადარიცხვა აქვს შესრულებული და არაერთი ხელშეკრულება აქვს დადებული… აქედან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებათა სტანდარტი…“, – განაცხადა გელაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ ბიტკოინების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
ბაჩიაშვილს 2023 წლის 11 ივლისიდან აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და საქართველოს საზღვრის კვეთა, ასევე, ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტები.
2023 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე, პროკურატურა მის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებდა „კრიპტოვალუტების“ საქმეზე – ივანიშვილი მას „თაღლითობასა“ და კრიპტოვალუტების მითვისებაში სდებდა ბრალს.
ბაჩიაშვილი კი აცხადებდა, რომ ივანიშვილი, – მისი მტკიცებისგან განსხვავებით, – „ინვესტორი“ არ ყოფილა, მხოლოდ სესხის აღებაში დაეხმარა მას, გარკვეული თანხა გადაუხადა, ხოლო დამატებით ივანიშვილს თანხა არ ეკუთვნოდა. იგი საქმეში პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდა.
2025 წლის თებერვალში პროკურატურამ ბაჩიაშვილს მეორე საქმეზე წაუყენა ბრალი – „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, სადაც ასევე ივანიშვილია ფიგურანტი.
ამის შემდეგ ბაჩიაშვილმა ქვეყანა 2 მარტს უნებართვოდ დატოვა – მან სომხეთის საზღვარი გადაკვეთა და რეგიონიდან გაემგზავრა.
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2,5-მილიონიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შედეგად, ის უძრავი ქონება, რაც ბაჩიაშვილის 2,5 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს უზრუნველსაყოფად იყო დაყადაღებული, „თანხის ამოღების მიზნით“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.
5 მარტს ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს – საზღვრის უკანონო კვეთა – და ამ საქმეზეც პატიმრობა შეუფარდეს.
7 მარტს კი ბაჩიაშვილის სომხეთში გადამყვან მძღოლს, შოთა ქარუმიძეს პატიმრობა შეუფარდეს.