მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბადრა გუნბამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად გამოაცხადა თავი

ბადრა გუნბამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად გამოაცხადა თავი. მისი თქმით, საარჩევნო შტაბის მონაცემებით, მან ხმების 50%-ზე (ხმების 54,73 %0 მეტი მოიპოვა.წინასწარი შედეგები ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ გამოცხადა.

“ჩვენს განკარგულებაში არსებული წინასწარი მონაცემები უკვე ცნობილია. ამ შედეგს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნდობის, ჩვენი გუნდის ძალისხმევისა და, რაც მთავარია, ხალხის მხარდაჭერის წყალობით მივაღწიეთ. ეს გამარჯვება აფხაზეთის მოსახლეობის ნებაა და მის მომავალს უნდა მოემსახუროს”, – განაცხადა გუნბამ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
გუნბა ასლან ბჟანიას დროს ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა და ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

გუნბას კონკურენტმა, ადგურ არძინბამ ხმების 41,54% მიიღო.
მისი ოპონენტი, ე.წ. ოპოზიციური კანდიდატი ადგურ არძინბა, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დმიტრი მარშანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის დროს იყო დარღვევები, თუმცა ისინი შედეგებზე არ ასახულა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრიივ მედია ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ წერდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.

აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო კომისიის ცნობით, ე.წ. არჩევნებში აქტივობამ 70%-ს გადააჭარბა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 152 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა, ხოლო დამატებითი ორი უბანი რუსეთში – მოსკოვსა და ჩერკესკში – იყო გახსნილი.

ამასთან ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 134 ათასზე მეტ ადამიანს ჰქონდა.
შეგახსენებთ გუშინ, 1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მაში პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მონაწილეობდნენ: ადგურ არძინბა (36,92%) და ბადრა გუნბა (46,38%).

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ ე.წ. არჩევნების ჩატარება „ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მიმდინარე მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო, თანამდებობა დატოვა 2020 წელს „არჩეულმა“ ასლან ბჟანიამ.
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია “არჩევნების ოფიციალურ შედეგებს” უახლოეს სამ დღეში გამოაცხადებს.

ე.წ. არჩევნების დროს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. მომხდარში ბადრა გუნბას შტაბმა ადგურ არძინბას მომხრეები დაადანაშაულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button