ბადრი ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზეც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
აღნიშნულით მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.
მოკლე რეპლიკით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად ბათუმის ციხიდან ჩაერთო.
როგორც მან აღნიშნა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან – „სკაიპით“. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს“, – განაცხადა ესებუამ.
საქმის პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ განაცხადა, ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობდა. მისივე თქმით, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.