ბადრი ესებუას ძებნა შესაძლოა, 1 თვესაც გაგრძელდეს – მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძებნა შესაძლოა, 1 თვესაც გაგრძელდეს და „ეს პრობლემა არაა“.
“ერთი კვირა კი არა, შეიძლება, 1 თვე ვსდიოთ, ან მეტი ან ნაკლები, ეგ პრობლემა არ არის არანაირი. გვაცადეთ, თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ”, – განუცხადა “მთავარს” შს მინისტრმა.
ბოროტმოქმედი 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:21 საათზე „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და ათეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა. მოგვიანებით 43 მძევალი გაათავისუფლა, ნახევარი მილიონი აშშ დოლარი კი გაიტაცა და მიიმალა. 26 ოქტომბერს შსს–ში განაცხადეს, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და რომ ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. 26 ოქტომბერსვე ცნობილი გახდა, რომ ქმედებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, ხოლო 27 ოქტომბრის მონაცემებით, საქმე, მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტულმა ცენტრმა გადაიბაროს.