მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა თქვენ ყველას უყვარხართ”-უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

ევროპული საბჭოს სამიტი დღეს იწყება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს სამიტის წინ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ (Georgia is OK, it’s done, everybody loves you.) “საქართველოს საქმე კარგადაა, მზადაა, თქვენ ყველას უყვარხართ”.

მისი თქმით, „საქმე გაკეთებულია“.

უკრაინის საკითხის კომენტირებისას ორბანმა თქვა, რომ მხარს არ უჭერს კიევთან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

„ჩვენ შვიდი პირობა დავაწესეთ და (ევროპული ) კომისიის შეფასებითაც კი სამი მათგანი არაა შესრულებული, ამიტომ არავითარი საფუძველი უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად არ არის“, – თქვა ორბანმა.

ევროპული საბჭოს სამიტი დღეს იწყება. მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, მისწერა წერილი, რომ საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი “უსაფუძვლოა – პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით”.

ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო. ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა ევროკავშირის ფონდებში ჯამში 22 მილიარდი ევროა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 14-15 დეკემბერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას განიხილავენ.

სამიტზე ისინი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებსაც განიხილავენ.

გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

2022 წლის 28 თებერვალს რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა. 3 მარტს იგივე გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკების დასაწყებად შესასრულებელი პირობები განუსაზღვრა, ხოლო საქართველოს – ევროპული პერსპექტივა.

2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button