რეგიონისიახლეები

ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გასული წლის 21 ოქტომბერს,”საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილის, ბადრი ესებუას და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებისთვის დაკავებული მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმეების არსებითი განხილვები დღეს დაიწყო.

პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს და პოზიციები დააფიქსირეს.

ორივე საქმის მოსამართლე ნატრული აკობიაა. ბადრი და ბიძინა ესებუების ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით, მან სასამართლოზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ანგარიშსწორება მოხდა, რადგან მათ ვერ შეძლეს ბადრი ესებუას დაკავება.

ბიძინა ესებუას მომდევნო პროცესი 24 მარტს ჩაინიშნა, ხოლო ძებნილის ბადრი ესებუას სასამართლო განხილვა გაურკვეველი დროით გადაიდო. ცნობისთვის, სამართალდამცავი უწყება “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულის ძმას ბიძინა ესებუას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

ბიძინა ესებუა კი ამბობს, რომ მას იარაღი “ჩაუდეს”. იგი 12 დეკემბერს მაშინ დააკავეს, როცა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება ბადრი ესებუას,იგი ამ დრომდე იძებნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button