მნიშვნელოვანისიახლეები

ბადრი ჯაფარიძეს დანაშაული რომ ეღიარებინა, მანდატის შეწყვეტაზე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ-კობახიძე

პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღვანდელ ბიუროს სხდომაზე რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საკითხი მოიცავს, როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, ვფიქრობ, ამ თემაზე ფართო დისკუსია გაიმართა და განსხვავებით გაზაფხულზე გამართული დისკუსიისგან, მგონი, ახლა უკვე ყველა თანხმდება, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს ორი განზომილება. ერთი ეს არის სამართლებრივი საფუძველი, არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძველი უფლებამოსილების შეწყვეტისა და მეორე, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. რამდენადაც მახსოვს, როდესაც პირველად დადგა შარშან გაზაფხულზე უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხი, მაშინ პირიქით იყო მსჯელობა, რომ თუკი სამართლებრივი საფუძველი მოცემულია, პარლამენტი ვერ მიიღებდა სხვა რაიმე გადაწყვეტილებას თუ არა უფლებამოსილების შეწყვეტა. საკონსტიტუციო საჩივრებიც კი იყო ამასთან დაკავშირებით შეტანილი. ახლა, როგორც ჩანს, ვთანხმდებით ყველა, რომ გვაქვს სწორედ ეს ორი განზომილება, სამართლებრივი და პოლიტიკური. სამართლებრივთან დაკავშირებით საპროცედურო კომიტეტმა იმსჯელა, საკუთარი დასკვნა წარმოადგინა.

რაც შეეხება პოლიტიკურს, სწორედ ამაზე იყო მათ შორის თქვენი მხრიდანაც პლენარული სხდომის დროს არგუმენტები წარმოდგენილი, რომ მიუხედავად იმისა იქნებოდა თუ არა სამივე შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი მოცემული, გამომდინარე პოლიტიკური მოსაზრებებიდან, მორალურიდან თუ სხვა, დეპუტატებს მოვუწოდებდით, მიეღოთ პოლიტიკურად სხვანაირი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახსნას, ირაკლი კობახიძემ ახსნა კიდევაც ეს საკითხი და მე სრულად ვიზიარებ ამ ახსნას, ვინაიდან საქმე ეხება იმას, რომ როდესაც არ ხდება სისტემის აღიარება და სახელმწიფოს აღიარება, როცა საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად ქმნის პრობლემას. სწორედ ეს არგუმენტაცია ჰქონდა წარმოდგენილი ბატონ ირაკლის. ორი განზომილება აქვს ამ გადაწყვეტილებას, სამართლებრივი და პოლიტიკური, ამაზე ყველა ვთანხმდებით. სამართლებრივ ნაწილზე ნათქვამია უკვე საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებაში, დასკვნაში და პოლიტიკური გადაწყვეტილებაში უკვე ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს დანაშაული რომ ეღიარებინა, მანდატის შეწყვეტაზე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

“წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ აღიარეს დანაშაული. თქვეს, რომ ასეთი რაღაც მოხდა, 10 წლის წინ ვალები გვქონდა დასაფარი, პრობლემები გვქონდა, ვერ ვაკეთებდით ამას სხვანაირად, მოგვიწია 17 მილიონის, თუ რამდენიც იყო, “ჭუტა” წერეთლის მეშვეობით გამოტანა, მერე ჩამოწერა. ვითაღლითეთ, რაღაც გავაკეთეთ. რაღაც მოტივი ხომ ჰქონდათ, იმედია, სახლის ასაშენებლად არ გამოიტანეს ის ფული. რაღაც მიზნისთვის სჭირდებოდათ. დაბადების დღის გადასახდელად რომ არ გამოუტანიათ ფაქტია, პირობითად ვამბობ.

აღიარების პირობებში ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით იქნებოდა განსხვავებული. როდესაც შენ აღიარებ დანაშაულს, ამით შენ არ უპირისპირდები სისტემას, მაგრამ აქ იყო სხვა მოცემულობა. როდესაც შენ თაღლითობაში დაგდებენ ბრალს და მსჯავრი გაქვს, ასეთ დროს ან უნდა აღიარო, ძნელია პოლიტიკოსისთვის თაღლითობის აღიარება, ან მეორე ვარიანტია, არ აღიარებ და იძულებული ხარ, დაუპირისპირდე სისტემას. გახსოვთ რა ხდებოდა? ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პირდაპირ ჩვენ გვადანაშაულებდნენ იმაში, რომ ჩვენ დავავალეთ სასამართლოს ამ განაჩენის გამოტანა და ამის გამო შეეფარდათ სასჯელი”, – თქვა კობახიძემ.

ეს არის პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი აშკარა და ღია მაგალითი, – ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების პირობებში “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება მაღალი ალბათობით განსხვავებული იქნებოდა.

როგორც ხატია დეკანოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, უმრავლესობის მიერ ჯაფარიძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორების დადასტურებაა.

„არ შემიძლია ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებას არ გამოვეხმაურო, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, ბადრი ჯაფარიძეს რომ დანაშაული ეღიარებინა, მას მანდატი არ შეუწყდებოდაო. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი აშკარა და ღია მაგალითი იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ისეთი მტკიცებულება წარმოადგინოს პარტიის ლიდერმა, როდესაც პირდაპირ და ღიად ამბობს ამას ჩვენი კოლეგის მიმართ. სამწუხაროა, რომ ყველამ ერთად დაადასტურეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და ხმა მიეცით ბატონი ბადრისთვის მანდატის ჩამორთმევას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ჯაფარიძეს მანდატი მხოლოდ იმიტომ ჩამოერთვა, რომ სისტემის წინააღმდეგ წავიდა.

„გუშინ იყო ძალიან მკაცრი შეფასებები ჩვენი პარტნიორებისგან. როდესაც პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ადამიანს უფლებამოსილება, მანდატი ჩამოერთვა იმიტომ, რომ იგი წავიდა სისტემის წინააღმდეგ, თქვენ რაც არ უნდა ეცადოთ, ბატონო შალვა, სამართლებრივი განზომილების ჩარჩოს მოძებნას, არ გამოვა, იმიტომ, რომ მან ღიად, ღია ეთერში პირდაპირ თქვა, რომ სისტემის წინააღმდეგ თუ წახვალ, მოხდებოდა ის, რაც გასულ წელს, ნიკა მელიას წინააღმდეგ 2-ჯერ და ახლა უკვე ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მოხდა. ეს არის იმის მტკიცება, რომ პოლიტიკური რეპრესია იყო. ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, მათ შორის დემოკრატიისთვის და ვწუხვარ, რომ აქ მყოფ უმრავლესობას მოუწია ამ გადაწყვეტილების მიღება. არ გამოვა სამართლებრივ ჩარჩოში ამის გადატანა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ორი განზომილება და სამართლებრივი საფუძველი აქვს. ამასთან, აღნიშნა, რომ კობახიძისეულ ახსნას ეთანხმება და სრულად იზიარებს.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რაიან ჰარისი ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაადრევად შეწყვეტა პარლამენტს ასუსტებს. მისი თქმით, ისეთი დანაშაულისთვის მანდატის შეჩერება, რომელის ხანდაზმულობის ვადაც გასულია, კანონის უზენაესობისადმი კითხვებს აჩენს.

“ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაჩქარევად შეწყვეტა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ისეთი დანაშაულისთვის, რომელზეც გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, წარმოშობს კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნებს, ასუსტებს პარლამენტს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების” გაცხადებულ მიზანს, პარლამენტში პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით“, – ამბობს რაიან ჰარისი

15 თებერვალს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს – ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, პარლამენტი დატოვა ყოფილმა სპიკერმა, კახა კუჭავამ.

ელენე ხოშტარია მანდატის შეწყვეტას თვითონ ითხოვდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვნლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს მათი თქმით, დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი.

ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაული ხანდაზმულია, ამიტომ დეპუტატს მანდატი არ უნდა შეუწყდეს. რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს უმრავლესობამ არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის შეუწყვიტა მანდატი.

საპარლამენტტო ბოიკოტის შემდეგ, 10 თებერვალს ნათელაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, თუმცა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა.
პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად გუშინ შეუწყვიტა

მსგავსი პოსტები

Back to top button