მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ბადურ ჩოფანაშვილი პატიმრობიდან განთავისუფლდა

პანკისის ხეობაში მცხოვრები, ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან კავშირისათვის მსჯავრდებული, ბადურ ჩოფანაშვილი პატიმრობიდან განთავისუფლდა. – ინფორმაცია ამის შესახებ, მისმა ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ დაადასტურა.

“მას ჰქონდა მისჯილი სამი წელი. ეს ვადა გავიდა და ბუნებრივია, მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მისი განთავისუფლება”- განაცხადა რადიო ჰერეთთან ბარბაქაძემ.

2017 წლის დეკემბერში, კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა,გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციისას აფეთქებულ ახმედ ჩატაევთან და მისი დაჯგუფების წევრებთან კავშირის გამო,რამდენიმე პირი დააპატიმრა.

მათ შორის, ერთ-ერთი, სწორედ ბადურ ჩოფანაშვილი იყო, რომელსაც სხვებთან ერთად, ტერორისტული საქმიანობის მატერიალური მხარდაჭერა და სხვა რესურსებით უზრუნველყოფა ედებოდა ბრალად.

ბადურ ჩოფანაშვილის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების სპეცოპერაციის ჩატარების საფუძველი გახდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერაციისას, 20 წლის მაჩალიკაშვილი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელში, თავში დაიჭრა და 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი თვლის, რომ ჩოფანაშვილს ის ჩვენება მიაცემინეს, რაც სუსს სჭირდებოდა.

“ის გამოიყენეს და ალაპარაკეს, რაც სჭირდებოდათ, ჩემს წინააღმდეგაც მიაცემინეს ჩვენება და ვისი დაჭერაც უნდოდათ, მათ წინააღმდეგაც.ჩოფანაშვილის ჩვენებით, ხალხის დასანახად ფუთავდნენ ამ ამბავი თორემ ყველამ კარგად იცოდა, ვინ ჩამოიყვანა ჩატაევი და ვინ უწყობდა მას ხელს”- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

2020 წლის 25 იანვარს, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება შეწყვიტა.მაჩალიკაშვილების ოჯახმა საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც საქმის დაჩქარებული წესით განხილვა უკვე დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button