ბაგებში მომხდარ სროლაზე 2 პირს ბრალი წარედგინა
თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ მერაბ ხიდაშელსა და მამუკა გურჩიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
როგორც მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი შეუმსუბუქეს და მას ძალადობას ედავებიან. ადვოკატის თქმითვე, მერაბ ხიდაშელი ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს.
„ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ეს მეორე ნაწილთან შედარებით, მსუბუქია. ედავებიან, რომ ძალადობა განახორციელა პირის მიმართ, რომელსაც საერთოდ არ იცნობს, აბსურდული ბრალია, ადამიანი უდანაშაულოა, ამ საქმეში საერთოდ არ აქვს მონაწილეობა მიღებული. საქმის მასალები გადმომეცა და გავეცნობი. ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს.” – აცხადებს კორკოტაშვილი.
რაც შეეხება მამუკა გურჩიანს, მისი ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განმარტებით, დაკავებული ბრალს აღიარებს, თუმცა, აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი ბიზნესდავას არ უკავშირდება.
„ბრალს აღიარებს, ბიზნესდავა არ ყოფილა, ამ შემთხვევას ბიზნესთან არანაირი კავშირი არ აქვს, ურთიერთშელაპარაკება მოხდა, მანქანის გადაყენება-არ გადაყენებას მოჰყვა ეს ყველაფერი. იმან შეაგინა, ამან აღარ დაუთმო და ასეთი რაღაც მოხდა.” – აცხადებს ამბარდნიშვილი.
ცნობისთვის, ბაგებში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ ხიდაშელის გარდა, კიდევ ერთი პირი, მამუკა გურჩიანი დააკავეს. მერაბ ხიდაშელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მამუკა გურჩიანს კი, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა-ტარებას გულისხმობს.