მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბაიდენი მორჩა, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები” მიღწეული იქნება-მედვედევი

კამალა ჰარისის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული იყო- პესკოვი

“ბაიდენი მორჩა”, -რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება.

„ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა 21 ივლისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის „დემოკრატების“ კანდიდატად წარდგენას.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული იყო, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„იყო განცხადებები, რომლებიც სავსე იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით. ორმხრივ ურთიერთობებში მისი სხვა ქმედება, არც პლუსის, არც მინუსის ნიშნით, ჯერჯერობით არ დაგვიფიქსირებია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს კრემლი ჰარისის კანდიდატურას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების კონტექსტში.

პესკოვმა დასძინა, რომ ახლა კრემლი ასეთ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან მისი წვლილი ორმხრივ ურთიერთობებში აქამდე შესამჩნევი არ ყოფილა.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია საარჩევნო კამპანიაზე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაში, ეს არ შეიძლება კრემლის დღის წესრიგის პრიორიტეტული თემა იყოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button