ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ ატომური სადგური არ უნდა გახდეს საომარი ზონა
უკრაინის ომის 184-ე დღე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყოველი წუთი, ვიდრე რუსეთის სამხედროები რჩებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რადიაციული კატასტროფის საფრთხეს წარმოადგენს.
ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ სადგურზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს.
„აუცილებელია ზაპოროჟიეს სადგურის უკრაინის დაქვემდებარებაში დაბრუნება და დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირების სადგურზე დაშვება. ამის გაკეთება შეიძლება რამდენიმე დღეში, ვიდრე ოკუპანტებმა სიტუაცია წერტილამდე არ მიიყვანეს, როდესაც უკან დახევა შეუძლებელია. ყველაზე ადვილია, ეს დღეს გაკეთდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს სადგურის გაჩერებას შეეძლო გამოეწვია რადიაციული ავარია, რომ არ ემუშავა ავტომატურ სისტემას და პერსონალს. მისივე თქმით, უკრაინას და ყველა ევროპელს რადიაციულ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა.
ამასთან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და მის გარშემო განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, თუმცა ის ცდილობს, უკრაინა დაადანაშაულოს, – ამის შესახებ “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის შეფასებით, რუსმა სამხედროებმა ბირთვული ობიექტის მილიტარიზაცია მოახდინეს, თუმცა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შორს არის ფრონტის ხაზისგან და არ ექვემდებარება უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდაუვალ თავდასხმას.
“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმების განხორციელებაში რუსეთი უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს, მაგრამ ჯერჯერობით სანდო მტკიცებულება არ წარმოუდგენია:
“მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიას რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს და შეუძლია უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებების მოწოდება ბევრად უფრო ადვილად, ვიდრე უკრაინას,”- ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კვლავ ცდილობს თავიდან აიცილოს საყოველთაო მობილიზაცია, რასაც მოწმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის მოკრძალებული ზრდა მის მიერ ხელმოწერილი განკარგულების შესაბამისად.
ორგანიზაციის შეფასებით, რუს სამხედროებს, სავარაუდოდ, სურთ უკრაინაში შეჭრის შედეგად მიღებული ზარალის გამოსწორება და ძალების მოკრება უკრაინაში “ოპერაციის” გასაგრძელებლად.
გარდა ამისა აშშ მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისი ახლომდებარე ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან პიერის თქმით, ჯო ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ ატომური სადგური არ უნდა გახდეს საომარი ზონა და ის უნდა დაბრუნდეს უკრაინის კონტროლქვეშ.
“როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რუსეთი უნდა დათანხმდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას. ასევე დათანხმდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ატომურ სადგურზე რაც შეიძლება მალე ჩასვლას, რათა მათ სადგურის და სისტემის უსაფრთხოება გადაამოწმონ. ეს არის ის თემა, რომელიც ორი პრეზიდენტის საუბრის დროს იყო განხილული,” – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.