ბახმუტში ჯერ კიდევ დაახლოებით 4 500 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, მათ შორის 48 ბავშვი
ფრონტის ხაზზე ყველაზე მძიმე სიტუაცია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტშია

უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსეთის თავდასხმები ბახმუტის მახლობლად, ასევე ქალაქის დასავლეთით მდებარე სოფლების ხრომოვისა და ივანოვსკოეს მახლობლად, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ორშაბათის განცხადებაში.
“მტერი აგრძელებს წინსვლას ბახმუტის მიმართულებით. არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის შტურმს. ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს თავდასხმები დონეცკის რაიონის ბახმუტის, ხრომოვოსა და ივანოვსკოეს დასახლებების ტერიტორიებზე. ასევე ვასიუკოვკა, ჟელეზნიანსკოე, ორეხოვო-ვასილოვკა, ბახმუტი, ივანოვსკოე, ჩასოვ იარი და დონეცკის სხვა დასახლებული პუნქტები მტრის დაბომბვას დაექვემდებარნენ”, – ნათქვამია მოხსენებაში.
ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით, მტერი თავს იცავს, ხოლო ზოგიერთ რაიონში ამაოდ ცდილობს შექმნას პირობები შეტევაზე გადასასვლელად, დასძენს გენერალური შტაბი.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე ყველაზე მძიმე სიტუაცია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტშია. შექმნილ ვითარებაზე ზელენსკიმ 28 თებერვალს, ღამით ილაპარაკა უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, რომელსაც წინ უძღოდა მისი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელებთან და ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მებრძოლი დაჯგუფებების სარდლებთან.
ზელენსკის განცხადებით, ბახმუტის რაიონში ბრძოლები სულ უფრო ინტენსიური ხდება. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურებთან წინა შეხვედრის შემდეგ, რომელიც გასულ ხუთშაბათს გაიმართა, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით მოკლულია 800-მდე რუსი სამხედრო. როგორც ზელენსკიმ თქვა, რუსეთი ადამიანების დანაკარგს არაფრად აგდებს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე განუწყვეტელი შეტევებისთვის აგზავნის. უკრაინა საკუთარ დანაკარგებს საჯაროდ არ ასახელებს.
ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებით არსებული სიტუაციის და ლოგისტიკის საკითხების განხილვის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებს ამზადებენ მორიგი აქტიური მოქმედებებისთვის უკრაინული მიწების გასათავისუფლებლად.
რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” არაერთი თვეა უშედეგოდ ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომელიც კრემლს სჭირდება იმის გამოსაცხადებლად, რომ დონბასი მთლიანად დაიპყრო.
2023 წლის 24 თებერვალს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. რუსეთს ოკუპირებული აქვს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილი, რომელიც 2022 წლის 30 სექტემბერს საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადა.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია ყირიმის ნახევარკუნძულიც.
გრძელდება მწვავე შეტაკებები ბახმუტისთვის, სადაც უკრაინელი მცველები რუსეთის თავდასხმათა ტალღას დაუპირისპირდნენ – ამბობს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის არმია კი 1 მარტს იტყობინება, რომ გაძლიერდა შეტევები დონეცკის რეგიონში.
მოსკოვის ძალებმა იერიშები მიიტანეს ლიმანსკზე, ავდეევკაზე და შახტარზე, რომლებიც, ბახმუტთან ერთად, უკვე კვირების განმავლობაში წარმოადგენენ რუსეთის შეტევის მთავარ სამიზნეს, აღნიშნავს უკრაინის გენერალური შტაბი თავის ყოველდღიურ ანგარიშში.
ბახმუტის ალყაში მოქცევის ძალისხმევაში რუსეთი იყენებს ქვეითი სამხედროების დიდ რაოდენობას, რაც ზრდის ზეწოლას უკრაინის ძალებზე. “რუსეთი ადამიანებს საერთოდ არ ითვლის და მათ მუდმივად გზავნის ჩვენს პოზიციებზე იერიშებისთვის. ბრძოლის ინტენსივობა მხოლოდ მატულობს”, – განაცხადა ზელენსკიმ 28 თებერვლის საღამოს.
მძიმე შეტაკებების მიუხედავად ბახმუტში ჯერ კიდევ დაახლოებით 4 500 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, მათ შორის 48 ბავშვი. რუსული ძალები აგრძელებ წინსვლას ამ მიმართულებით და ქალაქისთვის ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.
“ბახმუტში რჩება დაახლოებით 4500 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის 48 ბავშვი, რომელთა ევაკუაცია შეუძლებელია, რადგან ისინი ცხოვრობენ მიუწვდომელ ადგილებში”, – განუცხადა უკრაინის დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა CNN-ს.
ტეტიანა იგნაჩენკომ ხალხს მოუწოდა, საფრთხის გამო დაეტოვებინათ ქალაქი, მაგრამ თქვა, რომ მათ საკმარისი მარაგი აქვთ – “ქალაქში არის საკვები, წყალი და მედიკამენტები. ხალხს ყველაფერი წინასწარ მიეწოდებოდა”.
მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ქალაქი ყველამ უნდა დატოვოს, რადგან სიტუაცია უკიდურესად საშიშია.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის “მთლიანად გათავისუფლება”.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.