პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი შუქრუთელი შეუძლოდ გახდა და კლინიკაშია გადაყვანილი

პარლამენტი წინ შუქრუთელების უკიდურესი ფორმით პროტესტის 30-ე დღეს, ერთ-ერთი მოშიმშილე მამაკაცი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას OC MediA-ს თანადამფუძნებელი მარიამ ნიკურაძე ავრცელებს.
მისი თქმით, კაცი ჰიპოგლიკემიური იყო და გონება დაკარგა.
“სიცოცხლით და იუმორით სავსე გიორგი ცუდად გახდა. ლაპარაკიც უჭირდა გასინჯვის დროს. 39 ჰქონდა შაქარი რომ გაუზომეს. ცოტა ხნის მერე უკონტაქტო გახდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს”- წერს ის.
შუქრუთის მოსახლეობა თვეებია აქციებს მართავს. ისინი ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზი წლებია, რაც მათ კერძო საკუთრების ქვეშ მანგანუმს მოიპოვებს, რამაც სახლების დაზიანება გამოიწვია. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიამ მოსახლეობის წინაშე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება დაარღვია და იძულებულები გახდნენ, პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ.
პროტესტში ჩართვის გამო კი შპს მაღაროელმა 3 მშრომელი გაათავისუფლა.
აქციამ თბილისში 11 სექტემბერს გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები რამდენიმე კვირაა შიმშილობენ.