საქართველოსიახლეები

ბანკები, მიკროსაფინანსოები და სავალუტო ჯიხურები დაჯარიმდნენ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი/ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადასახდო მომსახურების პროვაიდერები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის კანონმდებლობის დარღვევისთვის დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, 2019 წლის განმავლობაში შემოწმდა საფინანსო სექტორის 61 წარმომადგენლი, მათ შორის, საგადახდო მომსახურების 9 პროვაიდერი, რომლის ინსპექტირება 2018 წელს დაიწყო და დასრულდა 2019 წელს. დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ 1 698 800 ლარი შეადგინა“, – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ჯარიმის რაოდენობამ კომერციული ბანკისთვის 726 000 ლარი შეადგინა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის 539 000 ლარი, საგადასახდო მომსახურების პროვაიდერისთვის 256 000 ლარი, ხოლო ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის 177 100 ლარი.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნის დარღვევის გამო ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 1 ნოემბრიდან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას ექვემდებარება. საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრევენციული საზედამხედველო ზომების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს საზედამხედველო მოლოდინების შესახებ საფინანსო სექტორის წარმომადგენლების სისტემატურ ინფორმირებას და მათი შესაბამისობის დონის ამაღლებას“, – წერია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button