მსოფლიო

ბაქოს ცნობით, სომხეთთან საზღვარზე 71 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია სომხეთთან საზღვარზე დაღუპული სამხედროების შესახებ. ოფიციალური შეტყობინებით, 12 სექტემბრიდან, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი პროვოკაციის“ შედეგად დაიღუპა 71 აზერბაიჯანელი სამხედრო. მანამდე ბაქოს დადასტურებული ჰქონდა 50-ის დაღუპვა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვარზე დაიღუპა სომხეთის არმიის 105 სამხედრო.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს „პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის მრავალრიცხოვანი დანაკარგით“. ოფიციალურ შეტყობინებაში, რომელსაც სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს, დეტალები დაკონკრეტებული არ არის. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 12 სექტემბრიდან, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი პროვოკაციის აღსაკვეთად აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე, რომელიც ზანგილანის რაიონზე გადის, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგეს დამანგრეველი დარტყმები მიაყენეს და მისი საცეცხლე წერტილები გააუვნებელყვეს“.

ზანგილანი, რომელიც მთიან ყარაბაღში 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სომხური მხარის კონტროლქვეშ მოექცა, აზერბაიჯანმა 2020 წლის შემოდგომაზე განახლებული საბრძოლო მოქმედებების დროს დაიბრუნა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ბოლო ორი დღის განმავლობაშიც. 14 სექტემბერს, ღამით სომხეთის ხელისუფლებამ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით მიღწეულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button