რაფალიანცის ოჯახი 8 წლიანი გამოძიების დასრულებას მოითხოვს
2012 წლის არჩევნების წინა ღამეს, ტრაგიკულად დაღუპული ჩვილის,ბარბარე რაფალიანცის ოჯახი მთავრობის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს და გამოძების დასრულებას მოითხოვს.
8 წლის მანძილზე გამოუძიებელი საქმის დეტალებს, მოკლული ჩვილის დედა რადიო ჰერეთთან იხსენებს.
ბავშვის დედა ყვება, რომ ერთ-ერთ დაკითხვაზე, იყო მცდელობა, ბავშვის მკვლელობა თავად დაებრალებია.
„ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა და ბოდიში მოიხადა ნაადრევად გაკეთებული განცხადებისთვის. მას მერე მივმართე მას, რომ ბოდიში არ მშველის და გამოიძიონ დანაშაული. მისგან არანაირი ახსნა-განმარტება არ ყოფილა. მინისტრებიც შეიცვალნენ, მაგრამ ახალი არაფერია. 6 წლის მანძილზე საერთოდ არავინ დაგვკავშირებია. ოჯახს არ გვაქვს იმის საშალება, რომ ადვოკატი ავიყვანოთ და ჩვენით გამოვიძიოთ. არც თბილისში ჩასვლის საშუალება გვაქვს. ერთხელ როცა ვიყავით მინისტრი ჭიკაიძე იყო და არ შეგვხვდა. წარმომადგენელი გამოგზავნა და გვითხრა, დაბრუნდით სახლში და დაგიკავშირდებითო, თუმცა არავინ დაგვკავშირებია დღემდე. არ ვიცი რა შეიძლება იყოს ხელისუფლების უყურადღებობის მიზეზი. თავის დროზე ხომ თქვეს, რომ ნაციონალების გაკეთებულიაო, მოვალთ და გამოვიძიებთო, მოვიდნენ და არაფერი მომხდარა. ფაქტი სახეზეა, რომ აწყობდნენ, გახსნიდნენ საქმეს, მაგრამ ალბათ არ აწყობს იმას, ვინც ჩემი შვილი გაიმეტა. 8 წელი გავიდა. სიცრუის დეტექტორზე რომ დამსვეს, ცდილობდნენ ხელი ჩემზე შეეწმინდათ. ორსულად ვიყავი და მეუბნებოდნენ რომ მეღარებინა შვილის მკვლელობა, ორ-სამ წელს მოგისჯიან და გამოხვალო. მოდულში მარტო შემიყვანეს, მეუღლე არ შემოუშვეს. ბაკურ ბაკურიძე და გიორგი მოდებაძე მაგიდაზე ხელებს მიბრახუნებდნენ“, – აცხადებს რადიო ჰერეთთან ბარბარე რაფალიანცის დედა.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა, რასაც ჩვილის გაგუდვა მოყვა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხდა და ბიძინა ივანიშვილის ახლადმოსული ხელისუფლება ოჯახს, ოპერატიულ და სამართლიან გამოძიებას პირდებოდა.
რაფალიანცის საქმეზე გამოძიება 8 წელია მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგები ამ დრომდე უცნობია.