მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აშშ-ის ელჩი რუსეთის განცხადებას ეხმაურება

კელი დეგნანი საქართველოსთან მიმართებით, რუსეთის განცხადებას ეხმაურება. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა სურს, ოკუპანტმა ქვეყანამ უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები. თანამშრომლობისთვის კი ჟენევის ფორმატის გამოყენება შესთავაზა.

“ვფიქრობ, ქართველებს ამგვარი გზავნილი რუსეთისგან აქამდეც მოუსმენიათ. პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. სწორედ ეს იქნება ნამდვილი ნიშანი, რომ რუსეთი სერიოზულად საუბრობს და ის უბრალოდ დეზინფორმაციას არ ავრცელებს.

ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაიღოს ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ასევე დაუყოვნებლივ გახსნას წვდომა ჰუმანიტარულ დერეფნებზე. არსებობს დიალოგის მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სახით და თუ რუსეთი მას გამოიყენებს უფრო ეფექტურად და კეთილსინდისიერად, შესაძლებელია მეტი პროგრესიც დავინახოთ ამ კონფლიქტის გადაჭრის საქმეში. სწორედ ეს ნაბიჯებია რუსეთიდან მიღებული გზავნილების ირგვლივ ნებისმიერი საუბრების საწინდარი, კეთილ ნებასა თუ კეთილსინდისირებაზე,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან საზღვრების გახსნის პოლიტიკას გადახედოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button