ბასილაშვილი ავსტრიული ტურნირის ნახევარფინალშია

საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP-ს ტურნირის მოგების ჩინებული შანსი აქვს. ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრიულ კიცბიუელში მიმდინარე GENERALI OPEN-ის (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ნახევარფინალში გააღწია და ტიტულამდე 2 გამარჯვება აშორებს.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი ჩეხ ადამ პავლაშეკს დაუპირისპირდა და მართალია, პირველი სეტი დათმო, საბოლოოდ, 5:7, 7:6 (7:2), 6:3 იმარჯვა.

შედეგად, ნიკოლოზმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ფინალის საგზურისთვის კი მე-6 ნომრად განთესილ სერბ დუშან ლაიოვიჩს შეერკინება. ამ უკანასკნელმა რუსი კარენ ხაჩანოვი 6:3, 6:2 დაამარცხა.

მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს ავსტრიელი იურენ მელცერი და იტალიელი პაოლო ლორენცი დაუპირისპირდებიან.

კიცბიულის ტურნირის ფინალისტი 150 ქულას მიიღებს, ჩემპიონისთვის კი 250 ქულაა გათვალისწინებული.

შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშნენ პირველ, მეორე და მესამე ნომრად განთესილი დომინიკ ტიემი (ავსტრია), ფილიპ კოლშრაიბერი (გერმანია) და მარსელ გრანოლიერსი (ესპანეთი).

მსგავსი პოსტები

Back to top button