ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის ძირითად ბადეშია

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, 24 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატიში მიმდინარე მასტერსის (საპრიზო ფონდი 4 362 385 დოლარი) კვალიფიკაცია დასძლია და ძირითად ბადეში გააღწია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს რეიტინგში 107-ე ადგილზე მყოფმა ბასილაშვილმა პირველ წრეში მე-11 ნომრად განთესილ 34 წლის ფრანგ პოლ-ანრი მატიეს (70-ე) 6:1, 7:5 სძლია, დღეს დილით კი 25 წლის პორტუგალიელ გასტაო ელიაშსაც იოლად გაუმკლავდა – 6:3, 6:2.

ცნობისთვის, ამ უკანასკნელს ცინცინატის ტურნირის კვალიფიკაციაში მე-6 განთესვა ჰქონდა, მსოფლიო კლასიფიკაციაში კი 61-ე პოზიციაზეა.

უკვე ცნობილია, რომ Western & Southern Open-ის ძირითად ბადეში ბასილაშვილის მეტოქე 25 წლის ბელგიელი დავიდ გოფინი იქნება, რომელიც მსოფლიოს მე-13 ჩოგანი გახლავთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button