მნიშვნელოვანისიახლეები

“ბათუმელ მედროშეს,, ქვეყნიდან გააძევებენ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “ბათუმელი მედროშის” სახელით ცნობილ თემურ ქათამაძეს (გაფფარ ილმაზი) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება. დაიწყება გაძევების პროცედურა.

ბათუმის საპროტესტო დემონსტრაციების “მედროშემ” თემურ ქათამაძემ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაპატიმრების შემდეგ მიმართა. უარის მიღების მერე კი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

„დაიწყება გაძევების პროცედურა, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება. არ აქვს არც ბინადრობის უფლება, არც – მოქალაქეობა. ისედაც ამის გამო არის დაკავებული. ახლა ლტოლვილის სტატუსზეც უარი ეთქვა და შეუძლიათ მისი გაძევების პროცედურა დაიწყონ“, – განმარტავს თემურ ქათამაძის ადვოკატი მარიამ გაბროშვილი.
“თემურ ქათამაძეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ეს იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ის ქვეყანაში დარჩენილიყო… დაიწყება გაძევების პროცედურა…

სასამართლომ უარი გვითხრა მოწმეების დაკითხვაზეც, რომლებიც დაადასტურებდნენ მნიშვნელოვან გარემოებებს ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულებები, სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და შსს-ს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში,” – განუცხადა თემურ ქათამაძის ინტერესების დამცველმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, მარიამ გაბროშვილმა გამოცემა “ბათუმელებს”.
ადვოკატი ამბობს, რომ თემურ ქათამაძის თურქეთში დაბრუნება სახიფათოა, რადგანაც 2023 წელს თურქეთის საელჩოდან მიიღო შეტყობინება, რომ იქ მისი დაკავების ბრძანებაა გაცემული. თუმცა არ შეუტყობინებიათ, კონკრეტულად რის გამო აკავებენ.

„ვარაუდობს, რომ ეს არის მისი ორმოცწლიანი საქმიანობის შედეგი. ის ქართული დიასპორის უფლებებს იცავდა. ყოველთვის იყო თურქეთის სახელმწიფოს სამიზნეში. ამიტომ ფიქრობს, რომ იქ დააკავებენ“, – ამბობს მარიამ გაბროშვილი.

თემურ ქათამაძემ თავშესაფრის მოთხოვნით უკვე მიმართა გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძეს 18 მარტს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე (საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემთხვევაში, ადამიანს მიენიჭება ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან სხვა დაცვის სტატუსი).

თემურ ქათამაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ბათუმში საქართველოს დროშით ხელში იდგა – ჯერ კიდევ „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან დაწყებული, ბოლო, უწყვეტი აქციების ჩათვლით.

თემურ ქათამაძე თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.ის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება. თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო.
16 იანვარს გათავისუფლებული თემურ ქათამაძე მყისიერად ისევ დააკავეს – შს სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
მუჰაჯირების შთამომავალი, 56 წლის თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 50 დღეზე მეტხანს შიმშილობდა.

18 მატს, ოლიგარქის სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button