ხატია დეკანოიძე თანამდებობას ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს საპარლამენტო მანდატების დატოვების თაობაზე თანაპარტიელების განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
“ძალიან არ მომწონს, როდესაც კეთდება განცხადებები და არ ხდება კონკრეტული ცვლილებები. ამიტომ, ჩემი წარმოდგენით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა, არა მხოლოდ პარტიაში, არამედ ზოგადად. ვაპირებ, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დავტოვო საპარლამენტო პოსტი და შემდეგ უკვე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის, მე ვფიქრობ, პოპულისტური, მაგრამ მაინც პარტიისთვის საზიანო,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ლევან ხაბეიშვილის შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტიული თანამდებობიდან უკვე გადადგა რამდენიმე პოლიტიკოსი. ისინი არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერდნენ.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო აკაკი მინაშვილმა, რომელიც ამ პარტიის წევრი იყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს; ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა გიორგი კირთაძე; პოსტიდან წავიდა პარტიის პრესსამსახურის უფროსი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი გიორგი პატარაია; პარტიის საორგანიზაციო მდივნის თანამდებობა დატოვა ბაჩო დოლიძემ; თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ანა გოგოლაძემ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგიული განვითარების მდივანი იყო, ასევე დატოვა პარტიული თანამდებობა; გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ.
თანამდებობიდან წასვლის მიუხედავად, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ პარტიის რიგებში რჩებიან.
პარტიის წევრების წასვლას ხაბეიშვილმა “გაუგებარი” უწოდა დანაგანცხადება გაააკეთა
“ვხედავთ, რომ ჩემმა კოლეგებმა ამ მძიმე პერიოდშიც კი თქვეს, რომ გარკვეულ თანამდებობებს ტოვებენ, რაც ჩემთვის მართლა გაუგებარია”, – ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ვივა მედთან გააკეთა.
“პრეზიდენტ სააკაშვილმა თქვა, რომ ძალა ერთობაშია და მათ შორის, მეც ამ პოზიციაზე ვარ. საერთოდ გაუგებარია ვინ სად მიდის, რატომ მიდის, მაგრამ მე ვაპირებ ყველასთან თანამშრომლობას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა და პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარის განცხადების პასუხად მიიღო.
დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ პარტიის სხვა წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა ხაბეიშვილის ის განცხადება, რომელიც პარლამენტიდან გასვლას და მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის სანაცვლოდ ყველაფრის დათმობას შეეხებოდა.
“კოლეგებთან შეუთანხმებლად ესეთი განცხადებები არ კეთდება. მე არ ვიცოდი ამ განცხადების შესახებ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ. ძალიან არ მომწონს, როდესაც რეალურად ხდება მხოლოდ განცხადებები და იმის უკან არაფერი კონკრეტული ცვლილებები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა.
მე ვაპირებ მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავტოვო საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი და რეალურად შემდეგ უკვე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად არის მე ვფიქრობ პოპულისტური, მაგრამ მაინც საზიანო პარტიისთვის” ამბობს დეკანოიძე.
ის ენმ-სა და პარლამენტის დატოვებას არ აპირებს.
პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, მზად ვართ მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც და საკრებულოებშიც – ეს განცხადება ლევან ხაბეიშვილმა “ვივა მედთან” გააკეთა, სადაც მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მივიდა.
საკითხი კი, დატოვებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტსაბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ წამოაყენა იდეა, საკითხი მარტში დაგეგმილ პოლიტსაბჭოს არჩევნებში შეეტანათ და აზრი ამომრჩევლისთვის ეკითხათ.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი “ენმ”-ის თავმჯდომარე 28-29 იანვარს გამართული არჩევნების შედეგად გახდა. შედეგები გუშინ, 30 იანვარს გამოქვეყნდა. მან 52,58%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.
ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ “ენმ”-ის სხვადასხვა წევრებმა განცხადებები გააკეთეს, რომ პარტიულ თანამდებობებს ტოვებდნენ, თუმცა პარტიაში კვლავ რჩებიან.