მნიშვნელოვანისიახლეები

ბათუმში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მთავრობის სახლში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომას მოითხოვენ და იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც საკრებულოს არჩეული დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაში მონაწილეობდნენ.

​აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში.

აქციაზე განცხადება გარდაცვლილის დამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნაზი ფუტკარაძემ გააკეთა.

„ეს სისტემა კლავს, რა თქმა უნდა იყო ზეწოლა, ეს ხელისუფლება ქვევრში ბავშვის მოკვლით მოვიდა, შემდეგი იყო ია კერზაია, ახლა ჩემი ძმა, არ შეიძლება, ესენი მართავდნენ ქვეყანას, ამათ უნდა დატოვონ თანამდებობები“, – განაცხადა ნაზი ფუტკრაძემ.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ.

ჩანაწერის მიხედვითაც დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, ასევე სთავაზობდნენ 100 000 დოლარს, რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი არიან მუნიციპალიტეტებიდან საკრებულოების ახალი მოწვევის ოპოზიციონერი დეპუტატები.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლე სწორედ სისტემამ შეიწირა და დიპლომატიურ კორპუსს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

ბრალდებას „ქართულ ოცნებაში“ მორიგი ცილისწამება უწოდეს.

აქციის მონაწილეების ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button