მაიკ პომპეომ ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე ესაუბრა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის.
“მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება. ეს მნიშვნელობა გაიზარდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების ფონზე. მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია. საქართველო ამ ინტერესის დასაცავად ამერიკისათვის კვლავ ღირსეული პარტნიორი და საიმედო საყრდენია რეგიონში”. -აღნიშნა პრეზიდენტმა მაიკ პომპეოსთან საუბრისას
თავის მხრივ, “აშშ-ს სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სასიამოვნო იყო” – ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
“სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ შეხვედრა საქართველოს პრეზიდეტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის დღეს დილით შედგა. ამ წუთებში კი მაიკ პომპეო საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ხვდება.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა