მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბავშვების ვიდეოების გასაჯაროებისთვის ნინოწმინდის პანსიონი დაჯარიმდა

არასრულწლოვანთა აუდიო-ვიდეო ჩანაწერების კანონის დარღვევით გასაჯაროებისთვის ნინოწმინდის პანსიონს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა დააკისრა.

ინსპექტორის განცხადებით, შემოწმებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 ივნისს პანსიონატის ხელმძღვანელმა თავის პირად Facebook გვერდზე, პირდაპირ რეჟიმში, საჯაროდ განათავსა რამდენიმე აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლებშიც ასახული იყვნენ პანსიონატის არასრულწლოვანი ბენეფიციარები. ჩანაწერები სრულად იძლეოდა არასრულწლოვნების იდენტიფიცირების საშუალებას.

“ჩანაწერები სრულად იძლეოდა არასრულწლოვნების იდენტიფიცირების საშუალებას. კერძოდ, ჩანაწერებში საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო არასრულწლოვნების სხვადასხვა მონაცემები: სახელი, გვარი, ვიზუალური გამოსახულება, ხმა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ინფორმაცია პანსიონატის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ, მათი ახლო ნათესავების ვინაობა და ტელეფონის ნომრები.

აუდიო-ვიდეო ჩანაწერებმა, რომლებიც სოციალურ ქსელ „Facebook“-ში საჯაროდ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული, დააგროვა ათი ათასობით ნახვა, ასეულობით კომენტარი და ათასობით რეაქცია. ამავდროულად, სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე საკუთარი აზრის დაფიქსირების, ამ ჩანაწერების საკუთარ გვერდზე გაზიარებისა და გადაწერის შესაძლებლობა”, – წერია უწყების განცხადებაში.

ინსპექტორის განცხადებით, შემოწმების პროცესში პანსიონატმა მათთან არ ითანამშრომლა. კერძოდ, სამსახურს არ მოაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატს არასრულწლოვანთა მონაცემების არაპროპორციული მოცულობით გასაჯაროებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 53-ე მუხლების პირველი პუნქტების საფუძველზე, დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button