“ბავშვთა პორნოგრაფიის” საქმეზე ბრალდებულების განაჩენი
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულებს 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით.
სასამართლოს განაჩენით, ავსტრალიის მოქალაქეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, ხოლო საქართველოს ორ მოქალაქეს, – თავისუფლების აღკვეთა 19-19 წლით.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება.