ბაზრის ადმინისტრაციამ პოლიციის გამოწერილი ჯარიმა გაასაჩივრა
ახალციხის ბაზრის ადმინისტრაცია 15 000 ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს. დირექტორი ვახტანგ ქართველიშვილი ირწმუნება, რომ 29 მარტს ხალხის ნაკადის დარეგულირებას პოლიციასთან ერთად ცდილობდა. ამიტომ დირექციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არასამართლიანია.
„დილიდან ვცდილობდით პოლიციასთან ერთად ნაკადის დარეგულირებას. ყველა ჩანაწერი გვაქვს, რასაც სასამართლოზე წარვადგენთ და იმედია, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“. – განაცხადა ვახტანგ ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლო 5 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გადავადების გამო, 29 მაისამდე გადაიწია.
ახალციხის ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო, 15 000 ლარით დაჯარიმდა.
მას შემდეგ, გარკვეული პერიოდი, ბაზარი არ ფუნქციონირებდა. სრული დატვირთვით მუშაობა კი, გუშინ, 5 მაისს განაახლა.
წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”